
იაპონიამ დღეს, ადგილობრივი დროით 13:03-ზე ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო. მალევე, ჩინეთმა იაპონური ზღვის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.
ატომური ელექტროსადგურიდან წყლის გაშვების გადაწყვეტილება იაპონიამ მრავალწლიანი დაკვირვებისა და უსაფრთხოების ზომების გატარების შემდგომ, ორი წლის წინ მიიღო. გადაწყვეტილებას გასულ თვეს მხარი დაუჭირა გაერო-ს ბირთვული საკითხების დამკვირვებელმა. ჩინეთი კი, საკითხის მიმართ თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი. მან იმპორტის აკრძალვამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იაპონიას წყლის გაშვების კანონიერება არ დაუმტკიცებია.
„იაპონურმა მხარემ ადგილობრივ მცხოვრებლებს ან თუნდაც მსოფლიოს მოსახლეობას, თავისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელმეორედ არ უნდა მიაყენოს ასეთი ზიანი“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, ტოკიომ გააკრიტიკა ჩინეთი „მეცნიერულად უსაფუძვლო პრეტენზიების“ გავრცელებისთვის. იაპონური მხარე ამტკიცებს, რომ წყლის გაშვება უსაფრთხოა და იმეორებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დაასკვნას, რომლის მიხედვითაც ზემოქმედება ადამიანებსა და გარემოზე "უმნიშვნელოა“.
ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური 2011 წელს, 9 მაგნიტუდის მიწისძვრისგან გამოწვეულმა ცუნამმა გაანადგურა. იაპონელ მეთევზეთა გაერთიანებები წლების განმავლობაში ცდილობდნენ რეპუტაციის აღდგენასა და ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ამის გამო, ისინი დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვებას. ახლა კი ჩინეთიდან განუსაზღვრელი ვადით იმპორტის აკრძალვამ, მათი შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.
2022 წელს იაპონიიდან ჩინეთში ექსპორტირებულმა ზღვის პროდუქტების ღირებულებამ $600 მილიონი შეადგინა. ამ მონაცემით ჩინეთი იაპონიის პირველი საექსპორტო ბაზარია, მეორე კი ჰონგ-კონგია. ჯამში ორივე ბაზარზე გაყიდული პროდუქცია, იაპონიის ზღვის პროდუქტების ექსპორტის 42%-ს შეადგენს.
ატომური ელექტროსადგურის ოპერატორის, Tepco-ს განცხადებით, წყლის პირველი ნაკადის, 7 800 კუბური მეტრის, გაშვებას სრულად 17 დღე დასჭირდება. დარჩენილი წყლის მარაგისგან გათავისუფლების პროცესი კი, 30 წელს გასტანს. იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ წყლის გაშვებასთან ერთად გაგრძელდება შემოწმება და მონიტორინგის შედეგები ყოველკვირეულად გამოქვეყნდება.