LIVE

საპენსიო სქემის მონაწილეები დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე დარჩებიან

01 ნოე 202314:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
საპენსიო სქემის მონაწილეები დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე დარჩებიან

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით ერთხმად, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. 

ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება.

მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა.

კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს.

კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერისა და "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა.

6 აგვისტოდან მოსახლეობის დანაზოგები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდა სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელში. კერძოდ, 40 წლამდე პირების დანაზოგები მაღალრისკიანში მოხვდა, 40-დან 50 წლამდე მოქალაქეების საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50-ს ზემოთ პირების თანხები დაბალრისკიანში გადანაწილდა. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, ერთი თვის განმავლობაში პორტფელები შეეცვალათ.

თუმცა, იმავე თვეში გადაწყვეტილება შეიცვალა და პარლამენტმა დღეს მიღებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ცვლილებების მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობამ მოქალაქეების არასათანადო ინფორმირებულობა დაასახელა. 

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 3 მლრდ 934 მლნ ლარია.