
Samsung Electronics-ის განცხადებით, ჩიპების წარმოების შემცირებას გააგრძელებს და მოემზადება 2024 წლისთვის, როდესაც კომპანიის მოლოდინით, ბაზარი გაჯანსაღდება. Samsung-ი შემდეგი წლისთვის მოელის, რომ წარმოება მეტწილად გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის ჩიპებზე გადავა.
Samsung-ში აცხადებენ, რომ მოწყობილობებზე AI ფუნქციების ზრდასთან ერთად, მოთხოვნა მაღალი გამტარუნარიანობის ჩიპებზე (HBM) მზარდია. ამ მიმართულებით Samsung-ის მთავარი კონკურენტი SK Hynix-ია, რომელიც HBM3 ჩიპებით Nvidia-ს ამარაგებს. ინდუსტრიის მოთამაშეები ამ კონკრეტული ჩიპის მომდევნო თაობის განვითარებაზე მუშაობენ. Samsung-ი კი აცხადებს, რომ HBM-ს წარმოებას 2024 წლისთვის 2.5-ჯერ გაზრდის.
ანალიტიკოსების შეფასებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მასობრივ წარმოებას დაუბრუნდეს NAND-ის ჩიპები, რომლებიც ინფორმაციის შენახვაზეა პასუხისმგებელი და არ აქვს კავშირი AI-თან. თუმცა ეს შეზღუდვა, თავის მხრივ, გააჯანსაღებს ტრადიციული ჩიპების ბაზარს.
ცნობისთვის, Samsung-მა ჩიპების წარმოება აპრილის დასაწყისში შეწყვიტა. კომპანია ერთ-ერთი ბოლო იყო მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ჩიპების ბაზარზე ფასის დარეგულირების მიზნით, ასე მოიქცნენ.
თავად Samsung-მა ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ჩიპების ფასის მკვეთრი ვარდნის შედეგად განიცადა. ივლის-სექტემბრის პერიოდში კომპანიამ წინა წელთან შედარებით, მოგების 78%-იანი ვარდნა განიცადა. თუმცა ეს მონაცემი, კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელზე უკეთესი იყო. ჩიპების მიმართულებით ზარალი III კვარტალში 3,75 ტრილიონ ვონამდე შემცირდა, II კვარტლის 4,36 ტრილიონ ვონთან შედარებით.
თუმცა ასეთი შედეგების მიუხედავად, Samsung-ი რეკორდული - 53.7 ტრილიონი ვონის კაპიტალდაბანდებას აპირებს, მათ შორის 47.5 ტრილიონის ჩიპების მიმართულებით. კომპანია მოთხოვნის შუალედური და გრძელვადიანი ზრდისთვის ემზადება.