
Samsung Electronics-ის III კვარტლის მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვარდნა იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელი იყო (80%), რაც დაზარალებული ჩიპების ბაზრის აღდგენის ადრეულ ნიშნებს ავლენს.
ჩიპებისა და სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლის ინფორმაციით, მისი საოპერაციო მოგება ივლის-სექტემბერში 2,4 ტრილიონ კორეულ ვონამდე შემცირდა ($1,79 მილიარდი), გასული წლის ანალოგიური პერიოდის 10,85 ტრილიონი ვონიდან.
„ეს შედეგი მოსალოდნელზე უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების ინდუსტრია ჯერ კიდევ სირთულეებს უმკლავდება. თუმცა ჩიპების ფასების ვარდნის ტენდენცია შენელებულია, შემდგომი ვარდნა კი შეზღუდული იქნება“,- განაცხადა კო იონგმინმა, კორეული კომპანიის Daol Investment & Securities-ის ანალიტიკოსმა.
გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, კომპანიის III კვარტლის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება წლის I და II კვარტლების შემოსავლებს, რომლებიც, შესაბამისად, 640 და 670 მილიარდ ვონს შეადგენდა. კომპანიისთვის ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ პირველად, ყველაზე დაბალი იყო.
კომპანიის ზარალის უდიდესი ნაწილი - 4,36 ტრილიონი ვონი ჩიპების ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. გლობალური ეკონომიკის შენელებისა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, მკვეთრად შესუსტდა სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ პანდემიის დროს სახლში დარჩენილმა მსოფლიო მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის ტექნიკის მარაგები შეავსო. თავის მხრივ, ჩიპების მზარდი მარაგები მალე გამოუსადეგარი დარჩა, რამაც მსხვილ მოთამაშეებს, ფასების დასტაბილურების მიზნით, წარმოების შეზღუდვისკენ უბიძგა. Samsung-მა ჩიპების წარმოება აპრილის დასაწყისში შეწყვიტა, რითაც ჩიპების ბაზრის წლის ბოლომდე აღდგენის იმედები გააჩინა.
ანალიტიკოსების შეფასებით, Samsung-ის დანაკარგები ჩიპების წარმოების მიმართულებით, შესაძლოა 3 ტრილიონ ვონამდე შემცირდეს, რადგან კომპანია მაღალტექნოლოგიური და უფრო ძვირიანი DRAM ჩიპების წარმოებაზე გადავიდა. ასეთი ტიპის ჩიპები ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების წარმოებაში გამოიყენება და მათი ფასის ზრდა გასული კვარტლის ბოლოდან დაიწყო. რაც შეეხება NAND Flash ჩიპებს, რომლებიც მონაცემთა შესანახად გამოიყენება, მათი ფასების აღმავლობა ახალი კვარტლის დასაწყისიდან შეიმჩნევა.
Samsung-ის განცხადებით, მისი შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავარაუდოდ, 13%-ით - 67 ტრილიონ ვონამდე დაეცა. კომპანია შესამოსლების შესახებ დეტალურ ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, რის საფუძველზეც ანალიტიკოსები ჩიპების ინდუსტრიის სრულად აღდგენის სამომავლო პერსპექტივებს წარმოადგენენ.