LIVE

კანიე უესტის და Gap-ის გარიგება მილიარდ დოლარიანი ამბიციით

18 მარ 202113:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 686
კანიე უესტის და Gap-ის გარიგება მილიარდ დოლარიანი ამბიციით
Getty Images

კანიე უესტის გარიგებამ მსოფლიოს ორ უმსხვილეს ტანსაცმლის ბრენდთან მუსიკოსი მულტიმილიარდერთა სიაში მოახვედრა.

Yeezy–ს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდი, Adidas–თან და Gap–თან თანამშრომლობის გაცხადების შემდეგ, UBS-მა $3,2–4,7 მილიარდის დიაპაზონში შეაფასა. მხოლოდ Gap-თან გარიგების ღირებულებამ, ბანკის შეფასებით, შეიძლება $970 მილიონს მიაღწიოს.

გარიგება ორი ბრენდის ალიანსის ამბიციას ასახავს, რომელსაც Yeezy–ს Adidas–თან პარტნიორობის წარმატების გამეორება სურს. უესტმა, რომელიც Yeezy-ის ბრენდის ერთპიროვნული მფლობელია და სრულ შემოქმედებით კონტროლს ინარჩუნებს მასზე, გასულ წელს ხელი მოაწერა 10-წლიან ხელშეკრულებას Gap-თან. ხელშეკრულების თანახმად, უესტი  Yeezy Gap- ის ბრენდის ქვეშ შექმნის და გაყიდის ტანსაცმელს.

Gap-ის აღმასრულებლები უესტს დიდ ნდობას უცხადებენ. კომპანიის მიზანია, Yeezy-ის პოპულარული ბრენდის გამოყენებით, მეტი ახალგაზრდა მყიდველი მიიზიდოს. სან–ფრანცისკოში ბაზირებული რითეილერი, რომელიც ასევე  Old Navy–ს, Banana Republic–ს და Athleta–ს ფლობს, მეტ აქცენტს ელ. კომერციაზე აკეთებს და ინვესტიციას სპორტული ტანსაცმლის ხაზში დებს, ფიზიკური მაღაზიების დახურვის პარალელურად.

UBS-ის დოკუმენტის თანახმად, Gap-ის ბრენდი Yeezy-ის ხაზიდან პირველ წელს, 150 მილიონი დოლარის გაყიდვებს ელის. კომპანია იმედოვნებს, რომ Yeezy Gap-ის ეტიკეტი რვა წლის განმავლობაში მილიარდ დოლარიანი შემოსავლის ბრენდად იქცევა, ხოლო გაყიდვები 2023 წლისთვის მილიარდიან ნიშნულსაც გადააჭარბებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Yeezy-ის მიერ Adidas–თან კოლაბორაციით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელები სტაბილურად მომგებიანი რჩება პანდემიის პირობებშიც. გასულ წელს ბრენდი 31%–ით გაიზარდა და $1,7 მილიარდი წლიური შემოსავალი მიიღო.

Yeezy-ს მუდმივი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პირადად კანიე უესტისთვის. 2015 წელს რეპერმა და დიზაინერმა BET-ს განუცხადა, რომ მას 16 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ უესტმა თქვა, რომ 53 მილიონი დოლარი აქვს ვალი  და Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს სთხოვა, მის ბიზნესში ინვესტიცია ჩაედო. 2018 წლისთვის Yeezy-ის ბრენდი Adidas-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონორარის სახით 100 მილიონ დოლარზე მეტს იღებდა.

კანიე უესტის ადვოკატის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიში დამატებით კიდევ $122 მილიონის ფულად სახსრებს და $2 მილიარდამდე სხვა აქტივებს მოიცავს, მათ შორის მნიშვნელოვან ინვესტიციას Skims–ში, კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდში. ასევე, 2020 წლის შეფასებით, უესტის მთელი მუსიკალური კატალოგი 110,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბეშინი