LIVE

რა საჩუქრებს იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - IDFI-ს კვლევა

25 ოქტ 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
რა საჩუქრებს იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - IDFI-ს კვლევა

2020-2022 წლებში საჩუქარი აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო. მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება 27,8 მილიონ ლარს შეადგენდა. 

ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში

ორგანიზაციის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს ძალოვან უწყებებში დასაქმებულმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ძვირადღირებული საჩუქრის მიმღებ პირებს ხშირ შემთხვევაში უკავიათ მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობები. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მამისგან საჩუქრად მიიღო 200 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მეუღლემ ასევე მიიღო 450 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება მშობლისგან და სხვა.

სტატიის მიხედვით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიღებული საჩუქრების სიდიდით (300 ათასი ლარი) აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებს შორის, მე-18 ადგილს იკავებს.

სიაში პირველ ადგილზეა ხათუნა თოთლაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2020-2022 წლებში მან 1 359 416 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო. მას 804 765 ლარით მოსდევს ლიანა ლატარია, რომელიც იმავე უწყებაში სამმართველოს უფროსია. 

სტატიაში ნათქვამია, რომ მონიტორინგის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. მაგალითად, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბაკური გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი მიიღო 24-ჯერ, ჯამში 14,690 აშშ დოლარის და 410 ევროს ოდენობით, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3,250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6,000 ევრო, მეუღლის დედისგან 8,450 ლარი და 2,000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1,000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12,110 ლარი და 403 აშშ დოლარი.

IDFI წერს, რომ თანამდებობის პირებს 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი -  უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები - ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.

IDFI მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში უზრუნველყოს თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების თითოეული საეჭვო შემთხვევის შესწავლა. 

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრულველყოფს, საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრების მიერ საჩუქრის მიღების წესების მკაფიო რეგულირებას და ამ წესების აღსრულებისთვის შესაბამისი მექანიზმების არსებობას. 

ორგანიზაციის დასკვნით, ასევე დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში, უნდა დაზუსტდეს ყველა იმ თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომელიც არ იძლევა საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის ზუსტი კავშირის და ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასევე, დეკლარაციის შევსების წესში, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც თანამდებობის პირებს დაავალდებულებს დეკლარაციაში საჩუქრის მიღების ზუსტი თარიღის მითითებას.