LIVE

მილიარდერებმა გლობალური მინიმალური გადასახადი უნდა გადაიხადონ - EU-ს კვლევა

25 ოქტ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
მილიარდერებმა გლობალური მინიმალური გადასახადი უნდა გადაიხადონ - EU-ს კვლევა

ევროკავშირის საგადასახადო დამკვირვებლის თქმით, მთავრობებმა მულტიმილიარდერებისთვის გლობალური მინიმალური გადასახადების სისტემა უნდა შექმნან, რითაც შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდიან.

პარიზის ეკონომიკის სკოლაში დაფუძნებული მეცნიერთა დამოუკიდებელი ქსელის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 2 750 მილიარდერის სიმდიდრის 2%-ით დაბეგვრით, წელიწადში დაახლოებით $250 მილიარდის მობილიზებაა შესაძლებელი.

„გადასახადების აშკარა უთანასწორობა ძირს უთხრის ჩვენი დემოკრატიის გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს ნდობას ჩვენი ინსტიტუტების მიმართ. რაც მსხვილი კორპორაციებისგან ვითხოვეთ, ახლა მილიარდერებისგან უნდა მოვითხოვოთ - დროა, ძალიან მდიდრებს გლობალური მინიმალური გადასახადი დავუწესოთ“, - აღნიშნა ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა, ანგარიშის გამოქვეყნებისას.

ევროკავშირის საგადასახადო დამკვირვებლის მიხედვით, რომელიც უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის მინიმალური გადასახადის დაწესებას ლობირებდა, უმდიდრესი ადამიანების ქონების მხოლოდ 0%-5% იბეგრება. მკვლევრების აზრით, მილიარდერები დაბალ ეფექტურ განაკვეთს ნაწილობრივ იმის გამო იხდიან, რომ ჰოლდინგურ კომპანიებს იყენებენ გადასახადების თავიდან ასაცილებლად. 

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების უფრო მაღალი პროცენტით დაბეგვრაზე საუბრები აქამდეც მიმდინარეობდა. ასე მაგალითად, გასულ წელს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადასახადების შემოღების ინიციატივა წამოაყენა, რომლებიც შემოსავლებისა და არარეალიზებული კაპიტალის მოგების მიხედვით განისაზღვრებოდა. თუმცა აშშ-ს კონგრესმა მოთხოვნა არ დაამტკიცა და მიიჩნევენ, რომ სანამ რესპუბლიკელები აკონტროლებენ პალატას, ეს არც მოხდება.

ეკონომისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ახალი საგადასახადო რეჟიმების დაწესებაზე დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებსაც მიმართეს. ევროკავშირის საგადასახადო დამკვირვებელი აცხადებს, რომ ქონების მიხედვით, გლობალურად შეთანხმებული მინიმალური საგადასახადო დონის განსაზღვრა, ერთგვარ ინფორმაციულ ბაზას შექმნის. აქტივების საბაზრო ღირებულებისგან განსხვავებით, მილიარდერების შემოსავლების ნაკადების განსაზღვრა ბევრად უფრო რთულია.

კვლევის ავტორები განმარტავენ იმასაც, რომ მილიარდერების დაბეგვრის სისტემის აღსრულება შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ტრანსნაციონალური კომპანიების შემთხვევაში, როდესაც იურისდიქციის დადგენა უთანხმოებას იწვევდა. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ დაბეგვრის სისტემა, საბოლოოდ, შესაძლოა სხვა მდიდარ ადამიანებსაც შეეხოს.