
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ყულევის პორტის გაფართოების შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა, ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) მიწოდების კუთხით სატრანზიტო ქვეყანა იყოს. მისი თქმით, ყულევის ტერმინალში გაზთან დაკავშირებული ოპერაციების დაწყების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.
„ყულევი სოკარის მიერ ოპერირებული ტერმინალია, იქ ხდება ნავთობის ოპერაციები, თუმცა საუბარია, რომ იყოს დამატებით სხვადასხვა პროდუქტის გადამუშავება, იგივე გაზის ოპერაციები, თუმცა ეს შესწავლის ეტაპზეა. ესაა გათხევადებული გაზის ევროპისთვის მიწოდების შესაძლებლობების განხილვა, რომ მოხდეს გაზის გათხევადება და მიწოდება. ამ შემთხვევაში მოქნილობა იზრდება - არა მხოლოდ მილსადენებით მივაწვდით გაზს საქართველოს მეშვეობით, არამედ საქართველო შეიძლება იყოს გათხევადებული გაზის მიწოდების კუთხით სატრანზიტო ქვეყანა“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მან სუფსის ტერმინალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაფართოებასთან ერთად, განიხილება შუა აზიის ნავთობის ტრანზიტიც, რაც დამატებითი შემოსავლის მომტანი იქნება.
„სუფსა ნავთობის მიწოდების ტერმინალია, პორტი, სადაც ძირითადად მილსადენით მიეწოდება ბაქოდან ნავთობი სუფსას და შემდგომში ხდება გემებში ჩატვირთვა. საუბარია, რომ ეს მილსადენი მეტად დავტვირთოთ. დღეს მისი სრულად უტილიზაცია ვერ ხდება. ასევე საუბარია, რომ ერთად ვიმუშაოთ არა მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობის, ასევე შუა აზიის ნავთობის საქართველოში გატარების კუთხით. ეს იქნება აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის დამატებითი შემოსავალი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სხვა საკითხებთან ერთად, ყულევის პორტის გაფართოებაზე გაამახვილა ყურადღება.