LIVE

ალიევი: გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება თუ სხვა

08 ოქტ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 271
ალიევი: გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება თუ სხვა

აზერბაიჯანს ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის სურვილი აქვს. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ასეთ პროექტებს შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დაასახელა.

ალიევმა ასევე აღნიშნა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მოძრაობის მნიშვნელობა, რომლის წარმადობა, მისი თქმით, 5-ჯერ გაიზრდება.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ანაკლიის პორტის პროექტი ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმაც და თქვა, რომ მშენებლობა მალე დაიწყება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთა სავაჭრო პარტნიორობის მნიშვნელობას. პრემიერის განცხადებით, ილჰამ ალიევთან საუბარი მოიცავდა ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

„აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი. ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა.

იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციასა და განვითარებას.

ჩვენ ასევე ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტრატეგიულად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რამდენიმე თვეში დასრულდება.