TBC Capital-ის კვლევების სამსახურის უფროსის, ირინა კვახაძის განცხადებით, მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში უძრავი ქონების ქირის ფასი შემცირდება.
„ბიზნეს ფორმულას“ ეთერში მან ასევე აღნიშნა, რომ თვის ჭრილში ქირის ფასს შემცირების ტენდენცია აქვს.
„2022 წლის ნოემბრიდან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასის ზრდა განპირობებულია არა მაკრო, ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ, დროებითი ფაქტორებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ამოიწურება. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ქირა შემცირდება.
წლიურ ჭრილში რომ შევხედოთ, შემცირება არ არის, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა, თუმცა თვე თვეზე თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ქირის ფასის ცვლილება თითქმის აღარაა და ტენდენცია უფრო შემცირებისკენ არის, ვიდრე ზრდისკენ. ამიტომ, მოლოდინი გვაქვს, რომ ქირა შემცირდება“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის 2023 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, ომის შედეგად ქვეყანაში მიგრაციის ზრდასთან ერთად, საყურადღებოა უძრავი ქონების ქირის ფასების დინამიკა და ამ სექტორში დაგროვილი რისკები.
მარეგულირებელი მიუთითებს, რომ გაძვირებული ქირა ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკის წყარო შეიძლება გახდეს, რამდენადაც ქირის ფასის კლების შემთხვევაში, ქირიდან მისაღები შემოსავლები შემცირდება, რაც მსესხებელთა გადახდისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.