LIVE

სებ უძრავი ქონების ქირის გაიაფების შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის რისკებს ხედავს

20 ოქტ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 462
სებ უძრავი ქონების ქირის გაიაფების შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის რისკებს ხედავს

ომის შედეგად ქვეყანაში მიგრაციის ზრდასთან ერთად, საყურადღებოა უძრავი ქონების ქირის ფასების დინამიკა და ამ სექტორში დაგროვილი რისკები,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია აღნიშნული.

მარეგულირებელი მიუთითებს, რომ გაძვირებული ქირა ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკის წყარო შეიძლება გახდეს, რამდენადაც ქირის ფასის კლების შემთხვევაში, ქირიდან მისაღები შემოსავლები შემცირდება, რაც მსესხებელთა გადახდისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ამ ფონზე ეროვნული ბანკი ფინანსურ ინსტიტუტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ კრედიტის გაცემის დროს, ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას აღნიშნული დინამიკა გაითვალისწინონ.  

ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი ლარში 27%-ით, ხოლო დოლარში 43%-ითაა გაზრდილი. ამას ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ომის ფონზე ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდით, ხოლო მეორე მხრივ, სამშენებლო ხარჯების მატებით ხსნის.

"მიუხედავად იმისა, რომ ქირის ფასის ზრდის ტემპი შენელებულია, ის 30 პროცენტით აჭარბებს მის გრძელვადიან ტრენდს, რაც ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკის წყარო შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მკვეთრადაა გაზრდილი კაპიტალიზაციის ინდექსიც, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია"-, ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში კაპიტალიზაციის ინდექსის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, რაც ფინანსური სტაბილურობის კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

"კაპიტალიზაციის ინდექსის მკვეთრი კლება უძრავი ქონების როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობას შეამცირებს, რაც ქირის ფასებზე შემცირების მიმართულებით მოახდენს გავლენას, აღნიშნული კი უძრავი ქონების ფასზეც უარყოფითად იმოქმედებს", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

სებ-ი მიუთითებს, რომ ომთან დაკავშირებული მოვლენების შემდგომმა განვითარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქონების ფასების დონეზეც, რაც ბანკების აქტივების ხარისხზეც აისახება და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო შეიძლება გახდეს.