
ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი ვითარების ფონზე, ირანმა მუსლიმურ ქვეყნებს ისრაელისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდა. თუმცა, ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ნავთობის გლობალურ ბაზარზე, ისრაელს არაერთი გზა რჩება ასეთი ზომების დასაძლევად. მისთვის ორი უმსხვილესი მიმწოდებლები კი ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან.
Kpler-ის მიხედვით, მაისის შუა რიცხვებიდან ისრაელი დღეში დაახლოებით 220 000 ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტს ახორციელებს. აქედან, 60% ორ მსხვილ მუსლიმურ ქვეყანაზე მოდის. მიღმა ამისა, ისრაელის უმსხვილესი მიმწოდებლები დასავლეთ აფრიკის მწარმოებლები არიან, მათ შორის პირველი კი გაბონია. სწრაფად მზარდია ექსპორტი ბრაზილიიდან, რომელიც ისრაელს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამარაგებს.
ისრაელისთვის კრიტიკულად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხო იმპორტია, რაც პორტებისა და მიმდებარე წყლების დაცვას გულისხმობს. მას აქვს ნედლი ნავთობის საიმპორტო 3 მნიშვნელოვანი ტერმინალი - Ashkelon-ი და Haifa ხმელთაშუა ზღვაში, Eliat-ი კი წითელ ზღვაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინალი, Ashkelon-ი დღეში 180 000 ბარელ ნავთობს ატარებს. თუმცა, რადგან ის ყველაზე ახლოს მდებარეობს ღაზას სექტორთან, 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დახურულია. Kpler-ის მონაცემებით, 2020 წლიდან არ ფუნქციონირებს Eliat-ის ტერმინალი, ხოლო Haifa დღიურად საშუალოდ 40 000 ბარელ ნავთობს იღებს.