LIVE

საიდან ფინანსდება ჰამასი - კრიპტოს, ნაღდი ფულისა და შემოწირულებების გლობალური ქსელი

17 ოქტ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 466
საიდან ფინანსდება ჰამასი - კრიპტოს, ნაღდი ფულისა და შემოწირულებების გლობალური ქსელი

ჰამასის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ($300 მილიონზე მეტი) ბიზნესებზე დაკისრებული გადასახადებისგან, საქველმოქმედო ორგანიზაციების შემოწირულებებისგან და ირანისა და კატარის დაფინანსებებისგან შედგება. ამის შესახებ უცხოურ მედიასთან ტერორიზმის მიმართულებით, ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი, მეთიუ ლევიტი საუბრობს.

ინფორმაცია ჰამასის დაფინანსების საერთაშორისო ქსელის შესახებ მას შემდეგ ვრცელდება, რაც ისრაელმა დაჯგუფების საბანკო და კრიპტოვალუტის ანგარიშები დაბლოკა.

მეთიუ ლევიტის თქმით, აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ჰამასი დაფინანსების მისაღებად, ხშირად იყენებდა კრიპტოვალუტებს, საკრედიტო ბარათებსა და ხელოვნურად შექმნილ სავაჭრო გარიგებებს.

აღსანიშნავია, რომ ჰამასი კრიპტოვალუტების გამოყენებისგან ბოლო დროს თავს იკავებს, რაც დაკავშირებულია თავად ელექტრონული ვალუტის ღირებულისების შემცირებასთან. გარდა ამისა, გაძლიერდა სისტემები, რომლებიც ქსელში ყველა ტრანზაქციასთან დაკავშირებით უცვლელ ჩანაწერებს ინახავს.

ბლოკჩეინის კვლევითი კომპანიის, TRM Labs-ის განცხადებით, გასულ წლებში ჰამასის თავდასხმები პირდაპირ აისახებოდა კრიპტოვალუტის ფონდების ზრდაში. მაგალითად, 2021 წლის მაისში, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, დაჯგუფების მიერ კონტროლირებად კრიპტოვალუტის ანგარიშებზე  $400 000-ზე მეტი აისახა.

TRM Labs-ი აღნიშნავს, რომ გასული კვირის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, ჰამასთან დაკავშირებულმა მხარდამჭერმა ჯგუფებმა, მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი გადარიცხეს კრიპტოვალუტის საშუალებით. კომპანია დასძენს, რომ დონაციების მცირე მოცულობას ისრაელის მიერ ანგარიშებზე დამყარებული კონტროლიც განაპირობებს. 2021 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე, ისრაელის მთავრობამ ჰამასთან დაკავშირებული 190 კრიპტოვალუტის ანგარიში დაბლოკა.

თუმცა ჰამასი შემოსავლებს სხვა გზებითაც იღებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანი ყოველწლიურად $100 მილიონის დახმარებას უწევს პალესტინურ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰამსსაც. ამისთვის კი ისეთ საშუალებებს იყენებს, როგორებიცაა ფიქტიური კომპანიები, გადაზიდვის ტრანზაქციები და ძვირფასი მეტალები.

ისრაელი ირანის სასულიერო მმართველებს დიდი ხანია ადანაშაულებს სისხლიანი თავდასხმების მხარდაჭერაში, თუმცა თეირანი ისრაელის პოზიციას არ ცნობს. აღსანიშნავია, რომ ირანში, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, პალესტინელების მხარდაჭერა ქვეყნის მნიშვნელოვან მისიადაც კი იქცა, რამდენადაც ირანს შესაძლებლობა მიეცა ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოჩენილიყო.

რაც შეეხება გაზით მდიდარ კატარს, ის 2014 წლიდან მილიონობით დოლარით აფინანსებს ღაზას სექტორს. კატარი ყოველთვიურად $30 მილიონს ხარჯავს ღაზას სექტორის ერთადერთი ელექტროსადგურის ფუნქციონირებისთვის, ღარიბი ოჯახების სოციალური მხარდაჭერისთვისა და საჯარო მოხელეების დაფინანსებისთვის.

თუმცა კატარის ფინანსური მხარდაჭერა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ისრაელზე გადის. სისტემის მიხედვით, თანხები კატარიდან ელექტრონულად ისრაელში ირიცხება, საიდანაც ოფიციალურ პირებს ნაღდი ფული ხელით მიაქვთ ღაზას საზღვართან. ნაღდი ფული პირდაპირ ნაწილდება ღარიბ ოჯახებსა და საჯარო მოხელეებზე, რომლებმაც თანხის მიღება ხელმოწერით უნდა დაადასტურონ. ხელმოწერილი დოკუმენტის რამდენიმე ასლი კი ისრაელში, კატარსა და გაერო-ში ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ ჰამასს ოფიციალურ დაფინანსებებზეც მიუწვდება ხელი. ბოლო მოვლენების განვითარების შემდეგ კი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ახალი მცდელობები, რომლებიც ოფიციალურ ფინანსურ არხებზე ჰამასის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, წარუმატებელი იქნება.