მთავრობა გაზსაცავის პროექტის შეცვლას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამგორში, სადაც ენერგეტიკული ობიექტის აშენება იგეგმებოდა, სეისმური რისკებიდან გამომდინარე, პროექტი ვერ განხორციელდება.
ამასთან, რომეო მიქაუტაძის თქმით, შეიცვლება გაზსაცავის მოცულობაც და ამ ეტაპზე საქართველოში შედარებით მცირე ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა განიხილება.
პარალელურად, მთავრობა ერთ-ერთ ალტერნატივად კვლავ განიხილავს შავ ზღვაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობას.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, დაახლოებით ერთ თვეში მზად იქნება განახლებული პროექტის კონცეფცია, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება, სად და რა ტიპის ენერგოობიექტი აშენდება საქართველოში.
“კვლევამ აჩვენა, რომ სამგორში მომატებული სეისმური საფრთხეა, შესაბამისად, იქ არც პატარა და არც დიდი გაზსაცავის მშენებლობა არ შეიძლება. საქართველოს აქვს გაზის მეტი მარაგის საჭიროება, თუმცა არა იმ მოცულობის, რაც არსებული პროექტით იყო გათვალისწინებული. ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბევრად უფრო პატარა გაზსაცავის მშენებლობით, რაც პროექტის გაიაფებას გამოიწვევს. თუ წინა პროექტით განსაზღვრული იყო, რომ ქვეყნის მოსახლეობის სამი თვის სამყოფი მარაგი უნდა ყოფილიყო, ეს მოცულობა შეიძლება შემცირდეს ერთ თვემდე ან 20 დღემდე. ვფიქრობთ, ეს უფრო რენტაბელური ხარჯი იქნება. USAID-ი უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენს ხედვას, თუ რა ზომის გაზსაცავი უნდა იყოს და რა არის ამ შემთხვევაში გამართლებული. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა შავ ზღვაში მიწისზედა თხევადი ტერმინალის პროექტი უფრო მარტივი გამოსავალი და საინტერესო იყოს ქვეყნისთვის, სავაჭრო კუთხით და დამატებითი შემოსავლების მობილიზების ნაწილში. ჩვენ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და შემდეგ გამოჩნდება, რას როგორ გავაკეთებთ“,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, შარშან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის სამოქმედო გეგმის მომზადება დაიწყო.
ამასთან, მთავრობამ გაზსაცავის პროექტი ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა. თუმცა მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა. 2020 წელს გაზსაცავის მშენებლობისთვის გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მოცულობის სესხიდან 120 მლნ პანდემიის საჭიროებებზე გადამისამართდა. პროექტის თავდაპირველი ვერსიით გაზსაცავის მოცულობა 300 მილიონი კუბურ მეტრი უნდა ყოფილიყო.