LIVE

დავითაშვილი: LNG ტერმინალის მშენებლობის გეგმის მომზადება დაწყებულია

21 ნოე 202216:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1069
დავითაშვილი: LNG ტერმინალის მშენებლობის გეგმის მომზადება დაწყებულია

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველომ თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის სამოქმედო გეგმის მომზადება დაიწყო. მისი განმარტებით, პროექტის ვადები და ბიუჯეტი ჯერ უცნობია.  

„საქართველოს, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული ჰქონდა პროექტი ARGI, რომელიც გულისხმობდა საქართველოს გავლით, კასპიის ზღვის გაზის ევროპისთვის მიწოდებას. საქართველოში უნდა მომხდარიყო თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდეგ რუმინეთში გაზიფიცირება. პროექტი სამწუხაროდ შეჩერდა, თუმცა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით და ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა წელს განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა.

პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის დროს ეს საკითხი განხილვის საგანი იყო. შემდეგ დავგეგმეთ კონკრეტული სამუშაო პროცესი. დღესაც მიმდინარეობს ამ პროცესის სამუშაო შეხვედრა ჩვენს სამინისტროში.

საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია ნავთობისა და გაზის კორპორაცია, აზერბაიჯანის მხრიდან იქნება კომპანია „სოკარი“, ასევე ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები რუმინეთსა და უნგრეთში. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მოხდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული შეფასება და ეტაპობრივად მოვახდინოთ განვითარება. ეს არ იქნება ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში. პირველ რიგში, საჭიროა სრული სურათი გვქონდეს. შემდეგ ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა, რა დავალებაც აქვთ დღეს სამუშაო ჯგუფებს, და ეტაპობრივად დავიწყოთ გეგმის შესრულება, მათ შორის მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე გააჟღერა, რომ საქართველო თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობას გეგმავს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაზსაცავის ნაცვლად თხევადი გაზის ტერმინალის შესაძლო მშენებლობის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" თემურ გოჩიტაშვილმა სექტემბერში განუცხადა. ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი ამბობდა, რომ იგეგმებოდა კვლევა, იმის დასადგენად, რა ტიპის ენერგოობიექტის აშენება იქნება მიზანშეწონილი.