
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ განიხილება ბევრი საკითხი, თუ როგორ უნდა წახალისდეს ეკონომიკა, რისკის ზრდის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი დაკრედიტების გაზრდის მიზნით, რეგულაციების შერბილებას განიხილავს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა უკვე შეხვდა ბანკების და ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.
არჩილ გაჩეჩილაძე დეტალებზე საუბრისგან და საკითხის შეფასებისგან თავს იკავებს.
„ცვლილების შეფასება არ არის ჩემი საქმე, რადგან ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც რეგულირდება ეროვნული ბანკის მხრიდან.
განიხილება ბევრი სხვადასხვა საკითხი, საიმისოდ, რომ რისკის გაზრდის გარეშე მოხდეს ეკონომიკის წახალისება, ისე რომ გაგრძელდეს დედოლარიზაციის პოლიტიკა“,- აღნიშნა გაჩეჩილაძემ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ.
აღსანიშნავია, რომ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ არც საბანკო და არც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.