
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სებ-ის მიზანია, ეკონომიკაში მეტი რესურსი ჩაიდოს და მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს.
თურნავამ დღეს ბანკირებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს და უფრო მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს. რაც მთავარია, ეს აქტივობა უნდა იყოს უფრო მეტად ეფექტური. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი დასაქმებისთვის. ყველაფერი უნდა მოხდეს ფასების სტაბილურობის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ნათია თურნავასთან შეხვედრაზე რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ეროვნულ ბანკთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს და გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი. ბოლო ორ შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული სურათი თუ საითკენ მივდივართ. უფრო მეტიც, დღეს რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება ძალიან კარგი. პირველი, იმიტომ რომ საბანკო-საფინანსო სისტემას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. მეორე, უფრო მეტი სახსრები გაჩნდება ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი ამოცანაც ეს არის - ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ბიზნესი განვითარდეს, რაც ეკონომიკის განვითარების მთავარი საწინდარია. ძლიერი ეკონომიკა წარმატების მთავარი ფორმულაა ნებისმიერი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.