
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო მზადაა კოლეჯის მართვისა თუ დაფუძნების პროცესში ბიზნესის თანაინვესტორი გახდეს.
პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის წარდგენისას ამილახვარმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად პროფესიული განათლების კუთხით ექვსი ძირითადი მიმართულება უნდა გაძლიერებდეს. ექვსიდან ერთ-ერთია საჯარო შეთავაზება კერძო სექტორს, რაც გულისხმობს:
- კოლეჯის თანადაფუძნება / თანაინვესტირება;
- კოლეჯის ინფრასტრუქტურის / სახელმწიფო ქონების გადაცემა პირობით;
- კოლეჯის / კოლეჯის ცალკეული მიმართულების მართვაში გადაცემა;
- კერძო სექტორის მიერ პროგრამების განხორციელება, მომზადება / გადამზადება კომპანიებში სახელმწიფო სერტიფიკატი.
„ბიზნესის ბოლო კვლევის მიხედვით, ნომერ პირველ პრობლემად სახელდება პროფესიული უნარების მქონე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. სწორედ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ, დავამუშავეთ ყველაზე კარგი, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული საჯარო შეთავაზება, ასე ვიტყოდი, ნამდვილი საჯარო კერძო პარტნიორობა. ბოლო წლებში პროფესიული განათლების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ 6 ძირითადი მიმართულება უნდა იყოს იმ გზის გაჭრა, იმ პრობლემების სწრაფად გადაჭრის ხერხი, რომელიც დღეს დაგროვილი გვაქვს.
პირველი არის საჯარო შეთავაზებას ბიზნესს. ბოლო წლებში დაახლოებით 200 მლნ ლარზე მეტი დავხარჯეთ საჯარო კოლეჯების განვითარებისთვის, მათ შორის კერძო კოლეჯებსაც სხვადასხვა გადამზადების პროგრამებში ვეხმარებით, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელია შედეგებზე გასვლა, თუ კიდევ უფრო ახლოს არ ჩავრთავთ ბიზნესს, კერძო სექტორს და სახელმწიფო გახდება არა მხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერი პროფესიული განათლების კუთხით, არამედ თანაინვესტორიც. 15 ნოემბრიდან ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ მომართონ სამინისტროს. მთავარი, რაც ბიზნესმა უნდა დაგვისაბუთოს, არის ის, თუ როგორ შეძლებს ადამიანების გადამზადებას და შემდეგ დასაქმებას.
ჩვენ მზად ვართ, გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, გავხდეთ ამ პროცესის ინვესტორებიც. ეს შეიძლება იყოს ახალი კოლეჯის ერთად დაფუძნება, არსებული კოლეჯის მართვაში გადაცემა, არსებული კოლეჯის მიმართულების მართვაში გადაცემა, საწარმოს/კომპანიის ბაზაზე სხვადასხვა მომზადება-გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა და იქ შექმნა ასე ვთქვათ, მინი ტრენინგ, თუ კოლეჯის მოდელის, ან ნებისმიერი სხვა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა.
გამოკითხული კომპანიების თანახმად, 2023 წლის III კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.