LIVE

მოსაზრება: AstraZeneca-ს ვაქცინის შეჩერებას გვერდითი ეფექტები აქვს

16 მარ 202118:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
მოსაზრება: AstraZeneca-ს ვაქცინის შეჩერებას გვერდითი ეფექტები აქვს
Bloomberg

რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ AstraZeneca-ს Covid-19-ის ვაქცინის გამოყენება თრომბის საშიშროების გამო შეაჩერეს. ევროპის სამედიცინო სააგენტო კვლავ ამბობს, რომ ვაქცინაციის სარგებელი, მასთან დაკავშირებულ რისკებს გადაწონის. ქვეყნები კი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენებას მხოლოდ "პრევენციული" მიზეზების გამო აჩერებენ. საბოლოოდ, რას ნიშნავს მოვლენების ასეთი განვითარება თავად ვაქცინაციის პროცესისთვის?

ეს რთული საკითხია, რამდენიმე მარტივი პასუხით. ევროკავშირი Covid-19 ინფექციების ახალი ტალღის საფრთხის წინაშე დგას, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსთნ ბრძოლაში გადამწყვეტი იარაღია. ნებისმიერი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში მომენტალურად უკან გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, მოქალაქეების საშიშროებისგან დაცვის აუცილებლობა ასევე ნიშნავს, რომ სამედიცინო ორგანოები გამოუვალ მდგომარეობაში არიან.

თუ ეს გაურკვეველი სიტუაცია სწრაფად არ მოგვარდება სიფრთხილის პრინციპი ქვეყნებს უფრო მეტად აზარალებს, ვიდრე არგებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შესაძლოა ლოკდაუნების განახლების საჭიროება დადგეს.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენების და მძიმე შემთხვევების გამოკვლევა ვაქცინაციის კამპანიაში, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუმცა, იბადება კითხვა - ასეთ შემთხვევაში, დამუხრუჭება ხომ არ არის დარტყმა ვაქცინებთან დაკავშირებით უკვე არსებულ მონაცემებზე. 10 მარტის მონაცემებით, EMA– ს თანახმად, AstraZeneca–თი ვაქცნირებულ 5 მილიონ ადამიანში  თრომბის გამოვლენის 0.0006%, ანუ მხოლოდ 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ყველაფრის ფონზე, AstraZeneca–მ ორშაბათს განაცხადა, რომ ბრიტანეთში და ევროკავშირში ვაქცინირებულთა შორის თრომბის გაზრდის რისკი არ ფიქსირდება, ხოლო კლინიკურ კვლევებში გართულების შემთხვევები ვაქცინირებულთა ჯგუფში ნაკლები იყო, ვიდრე პლაცებო ჯგუფში.

სიფრთხილესა და ”ნულოვანი რისკის” მსოფლმხედველობას შორის, როგორც ამას კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკის ექსპერტი, ეზიო დი ნუჩი ეძახის, პატარა მოკლეა. "სიფრთხილეს თავი არ სტკივა" მიდგომამ  გლობალური ვაქცინაციის კამპანიაში შესაძლოა კიდევ მრავალჯერ გამოიწვიოს ორჭოფობის მომენტი.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მიდგომა საზოგადოების ნდობის მოპოვების გადამეტებულ მცდელობას გულისხმობს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინების მიმართ უნდობლობა ტრადიციულად მაღალია. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს საზოგადოების მხრიდან Covid-19-ის ვაქცინების მიმღებლობის თვალსაზრისით.

სიფრთხილე კი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ორგანოების მკაფიო გაფრთხილებებს ეწინააღმდეგება ვაქცინაციის პროცესის შეფერხების შესახებ, რომელიც უფრო მეტ დაავადების და გარდაცვალების შემთხვევას გამოიწვევს. AstraZeneca– ს ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე პოლიტიკოსების შეცვლილმა პოზიციამ შეიძლება ნდობაც კი გააქროს ვაქცინების მიმართ, რის მოსაპოვებლადაც ისინი ასე იღწვიან.

კიდევ ერთი ფაქტორია ისიც, რომ ევროპელების მიდგომა გავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლიოზეც, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ევროკავშირმა, Covax-ის საშუალებით, ვაქცინის დოზების განვითარებადი მსოფლიოსთვის გაზიარების განზრახვა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

არის სხვა გაკვეთილებიც. ევროპელი პოლიტიკოსების მიდგომა აშკარად ხაზს უსვამს იმას, რასაც ჰარვარდის უნივერსიტეტის კას სანსტეინმა სიფრთხილის პრინციპის "პარალიზებადი" ხასიათი უწოდა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქმედების შემაკავებელი ან უმოქმედობის გამომწვევი. ან კიდევ, როგორც საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ერთმა ფრანგმა ექსპერტმა პირდაპირ თქვა: ”სიფრთხილის პრინციპი არის ის, რომლის გამოყენება შეგიძლიათ მაშინ, როცა არ დგახართ პლანეტისთვის დამანგრეველი დაავადების წინაშე.”

სრულ გაუფრთხილებლობასა და ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებას შორის არსებობს კომფორტული მედიუმი. ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ პანდემიის ტალღის იგნორირება ცალკეული შემთხვევების გამო. ნაკლები ალბათობის რისკებზე ნაკლები ყურადღება უნდა გამახვილდეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხედვა უფრო პროპორციული უნდა იყოს.

იმედია, მარეგულირებლები უახლოეს საათებსა და დღეებში გაამახვილებენ ყურადღებას ამ საკითხზე. თუმცა, მაშინ, როცა მილიარდობით ადამიანი კერ კიდევ ელის ვაქცინაციას, შემდეგ ჯერზე ასეთი საკითხები უფრო ეფექტურად უნდა მოგვარდეს, რადგან შემდეგი ჯერი აუცილებლად  დადგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლაიონელ ლორენი