
Galt & Taggart-ის თანახმად, გასულ თვეში გაიზარდა თბილისში როგორც კომპანიების და დეველოპერების, ასევე ფიზიკური პირების მიერ გაყიდული ახალი ბინების ფასი.
საინვესტიციო ბანკის უძრავი ქონების სექტემბრის მიმოხილვის მიხედვით, საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა - 42% დაფიქსირდა დიდუბეში, რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.
კომპანიების და დეველოპერების მიერ გაყიდულ ბინებში 1 კვადრატულ მეტრზე საშუალო შეწონილი ფასი გასულ თვეში ყველაზე მაღალი - $2 165 ვაკეში იყო, მას $1 453-ით საბურთალო მოსდევს. ყველაზე დაბალი ფასი - $843 ვაშლიჯვარში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს, პირველ ადგილზეა ვაკე, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი $1 402-ს შეადგენს, მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება მთაწმინდა. ამ უბანში კვადრატულის მეტრის ფასი $1 401 იყო.
ძველ ბინებში ყველაზე დაბალი ფასი - $732 დიდ დიღომში დაფიქსირდა.
ამავე მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვეში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა შემცირდა. Galt & Taggart-ის თანახმად, სექტემბერში დედაქალაქში სულ 3 314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5%-ით, ხოლო თვიურად 6.7%-იანი კლებაა.
საინვესტიციო ბანკის უძრავი ქონების სექტემბრის მიმოხილვაში წლიური კლების ძირითად მიზეზად გასული წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი სახელდება.