
გასულ თვეში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა შემცირდა. Galt & Taggart-ის თანახმად, სექტემბერში დედაქალაქში სულ 3 314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5%-ით, ხოლო თვიურად 6.7%-იანი კლებაა.
საინვესტიციო ბანკის უძრავი ქონების სექტემბრის მიმოხილვაში წლიური კლების ძირითად მიზეზად გასული წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი სახელდება.
სექტემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედი კლება (-8.2%) პირველადი ბაზრის (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების) ბინებს შეეხო. მეორად ბაზარზე ახალი და ძველი პროექტების გაყიდვები წლიურად 29%-ით შემცირდა.
Galt & Taggart-ის თანახმად, მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე მიუთითებს.
დიდი დიღმის და ჩუღურეთის გარდა, სექტემბერში გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა. დიდ დიღომში ეს მაჩვენებელი წლიურად 6.9%-ით, ხოლო ჩუღურეთში 16.1%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეს შემცირება ყველაზე მძაფრი ცენტრალურ რაიონებში იყო, სადაც გაყიდვები 2.4%-ით შემცირდა, ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში წლის ჭრილში შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა, შესაბამისად: -20.4% და -7.6%.
ბინების ფასის ცვლილება
2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასები, წინა თვეებში კლების შემდეგ, სექტემბერში ისევ გაიზარდა.
მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (წლიური 42%-ით), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.
ქირის ცვლილება
2023 წლის სექტემბერში თბილისში ქირის ფასი თვიურად თითქმის არ შეცვლილა, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მაღალ დონეზე დარჩა - 36.7% აშშ დოლარში და 26.9% ლარში. ამასთან, 2023 წლის დასაწყისიდან ქირები აშშ დოლარში 1.6%-ით, ხოლო ლარში 2.7%-ით არის შემცირებული.
ბაზრის ზომა
2023 წლის სექტემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ $235.7 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 2.1%-იანი კლებაა.
ისევე როგორც წინა თვეებში, პირველადი ბაზრის ზომა გაიზარდა (წლიურად 17.4%-ით), რამაც ნაწილობრივ დააბალანსა მეორადი ბაზრის ზომის შემცირება (წლიურად -13.9%-ით).
სამშენებლო ნებართვები
2023 წლის პირველ 8 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 48.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა უფრო ნაკლები ტემპით, წლიურად 20.7%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს დაგეგმილი პროექტების გაზრდილ ზომებზე.