2022 წელს სახელმწიფო საწარმოები 1 მილიარდ 356 მილიონი ლარის ჯამურ მოგებაზე გავიდნენ.
როგორც ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია ნათქვამი, წმინდა მოგების 86%-ზე მეტი კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებულ მოგებაზე მოდის. შესაბამისად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საწარმოების ბოლო 2 წლის მოგება მდგრადი არაა და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში შესაძლოა, ეს მაჩვენებელი ზარალის მიმართულებით კვლავ შეიცვალოს.
რაც შეეხება ცალკეული საწარმოების ფინანსურ მაჩვენებლებს, შარშან „საქართველოს რკინიგზის“ წმინდა მოგებამ 397 მლნ ლარი შეადგინა. როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, კომპანიისთვის ამ მომენტისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის ამორტიზაცია.
109 მლნ ლარის მოგებით დახურა 2022 წელი „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“. როგორც ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, კომპანია კვლავ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სოციალური გაზის მიწოდებით და ამ მაჩვენებელმა 2022 წელს 336 მლნ ლარი შეადგინა.
დოკუმენტში მიმოხილულია სახელმწიფო საწარმოების ე.წ. კვაზი-ფისკალური აქტივობები და ნათქვამია, რომ მსგავსი არაკომერციული აქტივობები მნიშვნელოვნად აუარესებს კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს. ამ მიმართულებით მათ შორის დასახელებულია შპს ენგურჰესის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდება, რის გამოც კომპანიამ თითქმის 50 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანიებში კორპორაციული მართვის პრინციპები უნდა დაინერგოს, ასევე საწარმოებში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ე.წ. კვაზი-ფისკალური, ანუ არაკომერციული აქტივობები.