LIVE

თბილისის მერია, პიკის საათებში, დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვას გეგმავს

04 ოქტ 202311:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 1824
თბილისის მერია, პიკის საათებში, დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვას გეგმავს

დედაქალაქის მერია, საცობების განტვირთვის მიზნით, პიკის საათებში, გარკვეულ ქუჩებზე, დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვას გეგმავს. 

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განიხილება, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, შეიზღუდოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა შაბა-კვირის დღეებზე და აგვისტოს თვეზე არ გავრცელდება. 

კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2012 წელს დედაქალაქში დაახლოებით 180 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი პიკის საათში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს, რაც დიდ პრობლემას ქმნის.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი რიცხვია. აღნიშნული რაოდენობა ე.წ. საცობებს ქმნის. განსაკუთრებით პიკის საათებში ჭირს გადაადგილება. თუმცა ასევე არის პრობლემა, რომ პიკის საათში საცობში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომობილებს, რაც ასევე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აფერხებს გადაადგილებას და ზრდის საავარიო სიტუაციების ალბათობას. ეს კი თავის მხრივ ხანგრძლივად აფერხებს საგზაო მოძრაობას.

ვფიქრობთ, ამ პრობლემის დასაძლევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა პიკის საათებში. რა თქმა უნდა, ეს მთელ თბილისს არ მოიცავს. საუბარია კონკრეტულ მონაკვეთებზე, უბნებზე, სადაც პიკის საათებში ყველაზე მეტი დატვირთვა და საცობია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მისი განმარტებით, თანამშრომლობენ ბიზნესთან და იგეგმება, რომ აკრძალვა 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდეს.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მარტივი ვერ იქნება. ვფიქრობთ, მომავალი წლის იანვრიდან ავამოქმედოთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ბიზნესსექტორთან იქნება გავლილი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც რეგულაცია არსებით გავლენას მოახდენს, სამშენებლო სექტორია. მას უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სამშენებლო ბიზნესს დედაქალაქში განსაკუთრებით დიდი როლი აქვს. შესაბამისად, მათთან კომუნიკაცია გვაქვს. ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები, ჩვენ კი - ჩვენი დამოკიდებულება. ყველას ინტერესს ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, პირველი არის ამ ქალაქის ინტერესი, რომ საცობებისგან მეტ-ნაკლებად განიტვირთოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, რეგულაცია არ შეეხება საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან არის დაკავშირებული.

„გამონაკლისი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი; არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის/ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ. აღნიშნულ ავტომანქანებზე, გადაადგილების შეზღუდვა არ გავრცელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.