LIVE

Wizz air: საწვავის გაძვირების მიუხედავად, ავიაბილეთებს არ გავაძვირებთ

07 ოქტ 202315:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 455

ბოლო თვეებში, გლობალურად საწვავის ფასის ზრდის მიუხედავად, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ავიაბილეთების ფასების შენარჩუნებას გეგმავს.

როგორც კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, კომპანიას წლიურ ჭრილში ფასების მატება მოუწია, თუმცა შეეცდება არსებული ვითარება შეინარჩუნოს. 

"ჩვენი ფასები სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით მაინც საკმაოდ დაბალია. დიახ, წლიურ ჭრილში, გარე ფაქტორების გამო, მათ შორის ინფლაციური პროცესებისა და საწვავის გაძვირების გამო, ფასები გავზარდეთ, თუმცა კონკურენტებთან შედარებით მომხმარებელს თვითმფრინავის ერთ ადგილში მაინც ყველაზე დაბალ ფასს ვთავაზობთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბიუჯეტური ავიაკომპანია და საკმაოდ ეფექტიანი, მდგრადი ბიზნესმოდელი გვაქვს",- ამბობს ანდრაშ რადო. 

რაც შეეხება Wizz Air-ის სამომავლო გეგმებს საქართველოსთან დაკავშირებით, 2023 წლის პირველი დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტს რიგით მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაემატება.

"2023 წლის პირველი დეკემბრიდან გვეყოლება მეოთხე ბაზირებული ხომალდი, რომლის საშუალებითაც პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ჩვენი დიდი სურვილია საქართველოს ბაზარზე განვითარება და მიხარია, რომ მომხმარებელს მუდმივად სიახლეებს ვთავაზობთ",- ამბობს ანდრაშ რადო. 

ანდრაშ რადო "ბიზნეს ფორმულას" ასევე ესაუბრა რიგ მიმართულებებზე სომხეთსა და საქართველოს შორის Wizz air-ის ფასების სხვაობის მიზეზებზეც. 

"აქ ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ სომხეთში ბაზირებული ხომალდი არ გვაქვს, ამიტომ სომხეთში და სომხეთიდან სხვადასხვა ბაზიდან დავფრინავთ. დაბალი ფასები შესაძლოა იყოს კონკრეტულ მიმართულებაზე, ასე მაგალითად ერევანი-ვენის საჰაერო ხაზს ავსტრიის ეკიპაჟი უწევს მომსახურებას. ვენა ძალიან კონკურენტული ბაზარია და ამის გამო შესაძლოა, ფასი დაბალი იყოს, იმ შემთხვევაში თუ ფრენა ვენის ბაზიდან ხორციელდება. არანაირი წინასწარგანსაზღვრული განსხვავებული მიდგომა სომხეთსა და საქართველოს შორის არ გვაქვს", - განმარტა ანდრაშ რადომ. 

ცნობისთვის, დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Wizz air-ს საქართველოს საავიაციო ბაზრის 21% უკავია. მეორე ადგილზეა Georgian Airways, 11%-იანი წილით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს Turkish Airlines-ი 10%-იანი წილით.