LIVE

როგორ იცვლება სახელმწიფო უწყებების დაფინანსება - ბიუჯეტის პროექტი

29 სექ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 723
როგორ იცვლება სახელმწიფო უწყებების დაფინანსება - ბიუჯეტის პროექტი

მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27.8 მილიარდი ლარი იქნება.

ყველაზე მეტად - 870 მილიონი ლარით, გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. 

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების მიმართულებით გაზრდილ ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების მომატება. უფრო კონკრეტულად - 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით მოიმატებს და 415 ლარი გახდება, მაღალმთიან რეგიონში კი 500 ლარამდე გაიზრდება. 70 წლამდე პირთა პენსია კი 20 ლარიანი მატებით 315 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიან რეგიონში კი 380 ლარამდე გაიზრდება.

50 ლარით გაიზრდება მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლები. სხვა კატეგორიის შშმ პირებისთვის კი გასაცემელი 20 ლარით მოიმატებს.

შემდეგი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ივლისში ბავშვთა 200 ლარამდე გაზრდილი სოციალური დახმარება. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, ეს პროგრამა შემდეგ წლებშიც გაგრძელდება.

დევნილთა სახლების უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან 230 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ხუციშვილის განმარტებით, ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება 5,6 მილიარდ ლარს შეადგენს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 1,6 მილიარდი ლარია გამოყოფილი, სადაც პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი ზრდაც გათვალისწინებულია.

ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 6 მილიარდი ლარი. აქედან სამინისტროს ბიუჯეტი 3,4 მილიარდი ლარი იქნება. 

ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იქნება 1,7 მილიარდი ლარი, საიდანაც ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას 1,2 მილიარდი ლარი მოხმარდება.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1,9 მილიარდი ლარი გამოიყოფა. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებას ბიუჯეტიდან 500 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე ჯამში 700 მილიონი ლარი, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 170 მილიონი ლარი დაიხარჯება.

განათლებისა და მეცნიერების მიმართულების დაფინანსება გაზრდილია 470 მილიონი ლარით. ხუციშვილის თქმით, შემდეგი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. ამ ეტაპზე განათლების სამინისტროსთან ერთად მუშავდება ანაზღაურების ახალი მოდელი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ბიუჯეტის მეორე წარდგენაზე გახდება ცნობილი. შემდეგი წლის ბიუჯეტი მოიცავს საჯარო სკოლებში ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ანაზღაურების 10%-იანი ზრდასაც.

100 ლარით მოიმატებს საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასი. მინისტრის განმარტებით, ეს მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამისთვის გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, საბავშვო ბაღებისთვის კი 225 მილიონი ლარი.

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან 850 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში 460 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მილიონი ლარით და აქ გათვალისწინებულია პოლიციელთა, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 10%-იანი ზრდა. თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 330 მილიონი ლარი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი; სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის 560 მილიონი ლარი; გარემოს დაცვის პროგრამებისთვის კი 180 მილიონი ლარი დაიხარჯება.