LIVE

განვითარებადი ბაზრებისთვის პოსტ-პანდემიური აღდგენა უფრო რთული იქნება

15 მარ 202119:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 418
განვითარებადი ბაზრებისთვის პოსტ-პანდემიური აღდგენა უფრო რთული იქნება
Bloomberg

საპროცენტო განაკვეთების ზრდის ახალი ეტაპის ფონზე, განვითარებადი ბაზრები რთული პერიოდისთვის ემზადებიან. Covid-19– ით განადგურებული ეკონომიკების გასამყარებლად, განაკვეთების უპრეცედენტო  შემცირების შემდეგ, ქვეყნები სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწყებენ.

ამასთან, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის გარშემო განახლებული ოპტიმიზმის ფონზე, იზრდება სასაქონლო ფასებზე ინფლაცია და გლობალური ობლიგაციებზე სარგებელიც. კაპიტალის სხვაგან გადინებასთან ერთად კი ეს პროცესები განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს კიდევ ერთ ტვირთად აწვება.

იმ ეკონომიკებს, რომლებიც ჯერ ისევ აღდგენას ცდილობენ, ან რომელთა ვალი პანდემიის დროს კიდევ უფრო გაიზარდა, შეცვლილი პოლიტიკა სავარაუდოდ, დიდ ზიანს მიაყენებს. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდას, სასურსათო პროდუქტების ჩათვლით, რაც კიდევ უფრო მაღალ განაკვეთებს შეუწყობს ხელი, შესაძლოა მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა აღმოჩნდეს.

როგორც მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რეინჰარტი ინტერვიუში ამბობს,  სურსათის ფასი და ინფლაცია უთანასწორობის საკითხში მნიშვნელოვანი ფაქტორებია. განსაკუთრებით იმ ეკონომიკური შოკის გათვალისწინებით რომელსაც ძალიან არათანაბარი შედეგები აქვს- ამბობს რეინჰარტი.

ფხიზლად არიან ინვესტორებიც. MSCI-ის განვითარებადი ბაზრების ვალუტის ინდექსი, გასული წლის 3,3% -იანი ზრდის შემდეგ, 2021 წელს 0,5% -ით დაეცა.  Bloomberg– ის სასაქონლო ინდექსმა 10% –ით მოიმატა, ხოლო ნედლი ნავთობი ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ დონეზეა.

განაკვეთების ზრდა, პანდემიასთან დაკავშირებული სესხების ზრდის გამო, ყველაზე მეტად განვითარებადი ბაზრების პრობლემაა. მთელი განვითარებადი სამყაროს ჯამური გადასახდელი დავალიანება გასულ წელს ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 250% -მდე გაიზარდა. ეს იმიტომ რომ მთავრობებმა, კომპანიებმა და შინამეურნეობებმა $24 ტრილიონი ააგროვეს პანდემიისგან გამოწვეული ზარალის გამოსასწორებლად.

საგულისხმოა ისიც, რომ სესხების შემცირება, სავარაუდოდ, მალე არ მოხდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(The Organisation for Economic Co-operation ) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმათ რიგებში არიან, ვინც მთავრობებს აფრთხილებენ, არ შეაჩერონ ეკონომიკური სტიმული ძალიან მალე. ეს დინამიკაა, რომელიც, სავარაუდოდ, დარჩება.

”განვითარებულ ბაზრებთან შედარებით, დაბალი განაკვეთებისთვის სივრცე განვითარებად ბაზრებზე უფრო შეზღუდულია” - წერენ გასულ კვირას გამოქვეყნებულ რაპორტში Institute of International Finance-ის ეკონომისტები. სერგი ლანაუს და ჯონათან ფორტუნის მიხედვით, მაღალი საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამცირებს ფისკალურ სივრცეს. მათი თქმით, მხოლოდ მაღალი ზრდის აზიური განვითარებადი ბაზრები შეძლებენ პირველადი დეფიციტის მართვას და სესხის სტაბილიზაციას.

Capital Economics-ის განვითარებადი ეკონომიკის მთავარი ეკონომისტი, უილიამ ჯექსონი კი ამბობს, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბაზრები, რომლებიც კვლავ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე.

განვითარებადი ბაზრებისთვის სურათს კიდევ უფრო ამძმებს ის ფაქტი, რომ ასეთ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი შვეულებრივზე ნელა მიდის. როგორც Citigroup იუწყება, ამგვარი ეკონომიკები ჯოგურ იმუნიტეტს, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლომდე ან 2022 წლის პირველი ნახევრამდე ვერ გამოიმუშავებემ. განვითარებულ ეკონომიკებს კი 2021 წლის ბოლოს იმუნიტეტი უკვე ექნებათ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვითარებადი ბაზრების მთავრობების წმინდა საპროცენტო ვალდებულებები სამჯერ მეტია, ვიდრე განვითარებული ბაზრების. ამასთან, განვითარებადი ბაზრები ინფლაციისკენ უფრო მეტად მიდრეკილი და გარე დაფინანსებაზე მეტად დამოკიდებული არიან- რაც კიდევ ერთი ფაქტორია პოლიტიკის შეცვლის პროცესში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მიშელ ჯემრისკო და ერიკ მარტინი