
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და ეკონომიკურად დამაზიანებელი ქმედება უწოდა. ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტის მიერ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას გაკეთებულ მოწოდებას ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთისთვის ეროვნული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რუსეთისთვის ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები 10%-იანი ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, არამედ 10%-იანი ვარდნა და ქვეყანაში კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით. ბიუჯეტი ბოლო 3 წელია რამდენჯერმე გავზარდეთ და წელსაც გაიზარდა.
ევროინტეგრაციის გზაზე თუ ვინმეს რაიმე გაუკეთებია, ესაა „ქართული ოცნება“, არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას ამისთვის არაფერი გაუკეთებია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერმინისტრმა გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილის მთავრობასთან შეუთანხმებლად, პირადი ინიციატივით დაგეგმილი ვიზიტები ევროპის მასშტაბით. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, პრეზიდენტის ასეთმა ქმედებებმა ნდობის დაკარგვა გამოიწვია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, რაც მისთვის ოფიციალურ ვიზიტებზე უარის თქმის საბაბი გახდა.
„[პრეზიდენტს] ბუნდოვანი განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი. ამ დროს ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ შორის ის მინიმალური ნდობაც დაიკარგა, რომელიც შენარჩუნებული იყო. მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი აცხადებს ქვეყნის შიგნით ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის, ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ლატვიის პრეზიდენტის მოწოდებას დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც. იგი აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესების საკითხი დიდი ხანია განხილული და დახურულია, როგორც ევროკავშირის ისე NATO-ს წევრ ქვეყნებთან. იგი დასძენს, რომ ევროკავშირის სანქციების კოორდინატორებს „არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებზე“.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, რისი მიზეზადაც, მთავრობისგან უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში მოგზაურობა და ამით კონსტიტუციის უხეში დარღვევა სახელდება.