LIVE

ზურაბიშვილი: ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს

07 სექ 202321:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
ზურაბიშვილი: ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს

მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისადმი მიმართვის დროს განაცხადა. 

"აქ ვარ სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, რადგან ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. თუ რამე - მე ვიცავ კონსტიტუციას ამ ქვეყნისა, რადგან ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ქვეყანაში დღეს დაბრუნდა. ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად, განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

ამასთან, ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.