
მიმდინარე კვირიდან გერმანია პოლონეთთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს. მიზანი აღნიშნული ქვეყნებიდან გერმანიაში არალეგალური მიგრაციის შეჩერებაა.
გადაწყვეტილების შესახებ დღეს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა: "თუ ჩვენ არ გამოგვივიდა გარე საზღვრების დაცვა, მაშინ ევროკავშირის შიგნით საზღვრები საფრთხის ქვეშ დგება," - თქვა ფეზერმა.
გერმანიას, რომელმაც გასულ წელს უკრაინიდან დაახლოებით ერთი მილიონი მიგრანტი მიიღო, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი სხვა რეგიონებიდანაც გაეზარდა. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 78%-ით მოიმატა.
გარდა ამისა, აგვისტოში გერმანიის საზღვარზე უკანონოდ გადასვლის 14 701 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე თვის მონაცემებთან შედარებით, 66%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთთან სასაზღვრო კონტროლის შესაძლო გამკაცრების შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გასულ კვირას აცხადებდა. იგი პოლონეთის ხელისუფლებას ოფიციალური პირების მიერ ასობით ათასი უკანონო სამუშაო ვიზის გაცემის შემთხვევათა გამოძიებისაკენ მოუწოდებდა.