LIVE

მთავრობამ CFD აუქციონში გამარჯვებულ კიდევ 6 პროექტზე ხელშეკრულება დაამტკიცა

26 სექ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 489
მთავრობამ CFD აუქციონში გამარჯვებულ კიდევ 6 პროექტზე ხელშეკრულება დაამტკიცა

მთავრობის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ხელშეკრულება მოიცავს 6 პროექტს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 44 მგვტ, გამომუშავება 71 მლნ კვტ.სთ, ინვესტიციის მოცულობა კი $26,9 მილიონია.

ეკონომიკის სამინისტრომ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის CFD სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი გაზაფხულზე გამოაცხადა. აუქციონში წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე, აქედან 27 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ისინი ქვეყანაში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

„საბოლოოდ შეირჩა 27 პროექტი 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. მთავრობის სხდომებზე ინვესტორებთან ხდება შეთანხმება, რომლებმაც შემდგომში პროცედურების შესაბამისად უნდა წარმოადგინონ მყარი საბანკო გარანტიები და პირობები. მთავრობასთან შეთანხმება ითვალისწინებს პირველ და მეორე ეტაპს - შესწავლასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, როდესაც პროექტები დაზუსტდება და გადავა განხორციელების ეტაპზე. ჯამში ეს არის დაახლოებით $400 მილიონამდე ინვესტიცია, რაც დაახლოებით 1,100 მილიონი კვტ.სთ გენერაციაა“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

გასულ სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, გამომუშავება  − 661,9 მლნ კვტ.სთ, ინვესტიციის მოცულობა კი $218 მილიონია.

ეკონომიკის მინისტრი დასძენს, რომ CFD სქემის ფარგლებში კიდევ ორი აუქციონი გაიმართება, რომლის შედეგადაც ჯამში 1 200 მეგავატი სიმძლავრის გენერაციის ობიექტები უნდა აშენდეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი აუქციონის გამართვა სექტემბრის ბოლომდე იგეგმება.