
5-მა მსხვილმა ნავთობკომპანიამ - „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“, „ლუკოილ ჯორჯიამ“, „რომპეტროლ საქართველომ“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“ („გალფი“) თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„ბიზნეს ფორმულას“ ხუთივე კომპანიაში განუცხადეს, რომ სასამართლოში სარჩელი ყველამ ინდივიდუალურად შეიტანა და სააგენტოს თავმჯდომარის იმ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელიც კომპანიებისათვის ჯარიმის დაწესებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ლექვინაძის მიერ აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით, 5 ნავთობკომპანიას ჯამში 4 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. სააგენტომ კომპანიები წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5%-ით დააჯარიმა. კომპანიების მიხედვით, ჯარიმა ასე გადანაწილდა:
- „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი“) - 1 073 859 ლარი;
- „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარი;
- „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ - 718 986 ლარი;
- „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარი;
- „ლუკოილ ჯორჯია“ - 450 590 ლარი.
სააგენტოს განმარტებით, დაჯარიმების მიზეზი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა გახდა. ეს მუხლი გულისხმობს ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, ან ისეთ შეთანხმებულ ქმედებას, რომლის მიზანი ან შედეგი ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვაა.