LIVE

კონკურენციის სააგენტომ ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი დააჯარიმა

18 აგვ 202311:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 480
კონკურენციის სააგენტომ ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა დაასრულა.  

სააგენტოს გადაწყვეტილებით, 5 ნავთობკომპანიას ჯამში 4 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. სააგენტომ კომპანიები წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5%-ით დააჯარიმა. კომპანიების მიხედვით, ჯარიმა ასე გადანაწილდა: 

"ლუკოილ-ჯორჯია" - 450 590 ლარი; 

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 693 576 ლარი; 

"სან პეტროლიუმ ჯორჯია" ("გალფი") - 1 073 859 ლარი; 

"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" - 718 986 ლარი; 

"რომპეტროლ საქართველო" - 987 886 ლარი; 

ამასთან, ნავთობკომპანიებმა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია მიიღეს.  

უწყების განმარტებით, დაჯარიმების მიზეზი "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა გახდა. ეს მუხლი გულისხმობს ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას ან ისეთ შეთანხმებულ ქმედებას, რომლის მიზანი ან შედეგია ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ. 

ამასთან, კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ დღეისთვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.