LIVE

რუსეთთან ფრენების სიხშირე იზრდება - ავიაციის სააგენტო

26 სექ 202313:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
რუსეთთან ფრენების სიხშირე იზრდება - ავიაციის სააგენტო

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი საჰაერო მიმართულებების გაჩენასთან ერთად, იზრდება რეისების შესრულების სიხშირეც. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ Azimuth-ი ფრენების შესრულებას იწყებს მინვოდი-თბილისი-მინვოდის, სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე.

14-28 ოქტომბრის პერიოდში მინვოდი-თბილისი-მინვოდის რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება; 11-28 ოქტომბრის პერიოდში სოჭი-თბილისი-სოჭის ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ორჯერ იფრენს; ასევე კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, 9-26 ოქტომბრის პერიოდში, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის რეისები. 

ავიაციის სააგენტო აღნიშნავს, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) აღნიშნულ ახალ მიმართულებებზე რეისები რეგულარულად შესრულდება. 

აღსანიშნავია, რომ ახალ მიმართულებას ამატებს ასევე რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელიც ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, კვირაში ხუთი სიხშირით იფრენს ჟუკოვსკი-თბილისი-ჟუკოვსკის მიმართულებით. 

ამას გარდა, Azimuth-ი გააგრძელებს ფრენების შესრულებას მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის, ხოლო Red Wings-ი - მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით. 

როგორც ავიაციის სააგენტო განმარტავს, იგი ფრენების შესრულებაზე ნებართვას გასცემს კომპანიებზე, რომლებიც ევროკავშირის სანქციების შავ სიაში არ იმყოფებიან. 

ცნობისთვის, 2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიებზე ფრენების ნებართვა 15 მაისს გასცა.