
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, პროცესს სახელმწიფო საწარმო, „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ წარმართავს და შეირჩევა მშენებელი კომპანია.
დავითაშვილის თქმით, ამჟამად დაქირავებული კონსულტანტი, ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობას ასრულებს. მინისტრის თქმით, უკვე ჩატარდა ინტერვიუები რამდენიმე მნიშვნელოვან, წამყვან ევროპულ კომპანიასთან.
„ესენია დიდი ე.წ. სამეული თუ ოთხეული კომპანია, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან წამყვანი კომპანიები და ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები იმისთვის, რომ სატენდერო პირობები დაზუსტდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ასე რომ, უკვე უახლოეს ხანებში, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული და ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებითვე, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან, ერთი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, მეორე კი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება, ხოლო 49% კერძო პარტნიორის მფლობელობაში გადავა.
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.