LIVE

როდის დაუბრუნდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტირებული თანხა - მინისტრის პასუხი

22 სექ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 325
როდის დაუბრუნდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტირებული თანხა - მინისტრის პასუხი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ, განმარტა თუ რა შემთხვევაში და რა ვადებში, ვინ უნდა დაუბრუნოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მშენებლობაში ინვესტირებული $75 მილიონი. 

მისი განცხადებით, ადრეული შეწყვეტის შემთხვევაში, ინვესტორის მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული დანახარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა ამ საკითხს საერთაშორისო არბიტრაჟში დავის შედეგი განსაზღვრავს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ პროექტთან დაკავშირებით განხორციელებული დანახარჯები, როგორც იცით, დავის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო არბიტრაჟში. 2016 წლის საინვესტიციო ხელშეკრულება იცით, რომ შეწყვეტილი იქნა 2020 წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან ცალმხრივად და ადრეული შეწყვეტის შემთხვევაში, ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ინვესტორის მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული დანახარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ეს არის სახელშეკრულებო პირობები, თუმცა თქვენ იცით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟი მიმდინარეობს და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიხედვით და შესაბამისად მოხდება ანაზღაურება ან არ ანაზღაურება", - თქვა დავითაშვილმა.  

ოპოზიციამ მინისტრს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების შესაძლო შედეგებზეც ჰკითხა, უფრო კონკრეტულად - ამ დავის წაგების შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და ხომ არ გამოიწვევს ეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებას, ასევე, დავის წაგების შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს სახელმწიფოს 51%-იანი წილის უსასყიდლოდ დათმობა ინვესტორებისათვის. 

"კონკრეტული მოლოდინის დაფიქსირება ამ ეტაპზე შეუძლებელია თუ როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მყარი პოზიცია - გამყარებული შესაბამისი არგუმენტებით და მტკიცებულებებით, რომ არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და საქართველოს საქართველოს სახელმწიფოს არ მოუწიოს განუხორციელებელი პროექტისთვის თანხების გადახდა, მით უმეტეს ვხედავთ, რა ოდენობის თანხის მოთხოვნაა მომჩივანი მხარის მიერ წარმოდგენილი.

ყოველ შემთხვევაში, ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი და ეს პროცესი გავლენას ვერ მოახდენს ვერც შერჩევის პროცესზე და ვერც პროექტის განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში, განხორციელდება იმ პირველადი მოცემულობით, რომელიც საჯაროდ განაცხადა სახელმწიფო", - თქვა მინისტრმა. 

მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. 

მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვა კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება და აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია $1.5 მილიარდს აჭარბებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ 20 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება, კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. 

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის დღევანდელი განცხადებით, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან, ერთი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი, მეორე კი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა.

ნოემბერში "ფორმულამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა.