
მარცვლეულის შეთანხმების დასრულების შემდეგ, უკრაინის შავი ზღვის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა მსხვილმა გემმა დატოვა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა.
მისი განცხადებით, გემი, სახელწოდებით Aroyat, ჩორნომორსკის პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გავიდა და მასზე 17 600 ტონა უკრაინული ხორბალია განთავსებული.
ეს უკვე მეორე გემია, რომელმაც ამ კვირაში უკრაინის პორტი დროებითი "ჰუმანიტარული დერეფნით" დატოვა. გემი Resilient Africa სამშაბათს გავიდა და ის 3000 ტონით იყო დატვირთული.
რუსეთმა ივლისში დატოვა შეთანხმება, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების დასავლეთში უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა.
გასულ თვეში უკრაინამ შავ ზღვაში "ჰუმანიტარული დერეფანი" გახსნა. მისი თავდაპირველი მიზანი იმ გემების გათავისუფლება იყო, რომლებსაც მარცვლეულის შეთანხმება არ შეხებიათ და მის პორტებში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ გაჭედილი.
დერეფნით ამ დროისთვის ხუთმა ხომალდმა ისარგებლა.