LIVE

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს ვენეციის კომისია სწავლობს

15 მარ 202114:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 672

ვენეციის კომისია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას სწავლობს. მისი პოზიცია საჯარო, სავარაუდოდ, 20 მარტს გახდება. ვენეციის კომისიის წევრებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა ბაზრის მცირე და მსხვილ მოთამაშეებთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთანაც.

ერთ-ერთი საკითხი რომლსაც ვენეციის კომისია სწავლობს შეეხება კონკურენციის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიღებასაც საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა და რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონი გავრცელდა ყველა რეგულირებად სფეროზე - მათ შორის სატელეკომუნიკაციო დარგზეც. კანონი ზაფხულში დამტკიცდა, თუმცა პირვანდელ ვერსიაში არაერთი ცვლილება შევიდა, რაზეც დღეს სფეროს წარმომოადგენლებს კითხვები აქვთ.

„ვენეციის კომისიის შესწავლის საგანს წარმოადგენდა არა კონცენტრაციისა და წილის გასხვისების საკითხები, არამედ ის თუ რამდენად ეფექტიანია ცვლილება რომელიც კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნას უკავშირდება. კომისიას არ უმსჯელია იმ ნაწილზე, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან სპეციფიური ვალდებულების შეუსრულებლობას ეხება“, - ამბობს კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახი ბექაური.

ცვლილებებით კომისია ითხოვს 2026 წლის 1 იანვრამდე მიეცეს უფლება შეისწავლოს ნებისმიერი ტრანზაქცია ბაზარზე, „რადგანაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები ფლობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“. ეს ვადა მიაჩნია კომისიას გონივრულ გარდამავალ პერიოდად კრიტიკული ინფრასტრუქტურის თაობაზე კანონმდებლობის შესაქმნელად.

კიდევ ერთი სადაო საკითხი, რომელიც კონკურენციის შესახებ კანონს უკავშირდება შეეხება იმ წესს რომლითაც კომისიას ეძლევა უფლება ბაზარზე ყველა ტრანზაქცია შეისწავლოს. სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს რომ კონცენტრაციის კონტროლი არ უნდა ეხებოდეს ისეთ კომპანიებს რომლებიც ზომით ბაზრის კონკურენტულობას საფრთხეს არ უქმნიან.

ვენეციის კომისიაში წარდგენილია „კავკასუს ონლაინის“ საქმეც. ვიდრე კომისია საკუთარ მოსაზრებას გაასაჯაროვებს, გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და კომპანიაში კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულ სპეც-მმართველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.