LIVE

OECD-მა 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

23 სექ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 409
OECD-მა 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგნოზით, 2024 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება. ამის საპირისპიროდ, გაზრდილია 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

კერძოდ, 2023 წელს გლობალური მშპ 3%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო 2024 წელს - 2.7%-ით. თუ არ გავითვალისწინებთ 2020 წლის მაჩვენებელს, მაშინ მომდევნო წლის ნავარაუდები ზრდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის (2008-2009 წლები) შემდეგ ყველაზე დაბალი იქნება. 

ორგანიზაციის განმარტებით, ამის მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ, ინფლაციური წნეხის გამო, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და პანდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის არასაკმარისი აღდგენა იქნება. 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მეათედ და ამჯერად ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, 4%-მდე გაზარდა. OECD-ის განმარტებით, "მონეტარული პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს მანამ, სანამ ინფლაციური წნეხი შერბილებას არ დაიწყებს."

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გერმანიასთან, როგორც ევროპის ყველაზე მსხვილ ეკონომიკასთან, მიმართებითაც შემცირდა. OECD ვარაუდობს, რომ 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდება. ამ შემთხვევაში, გერმანია, არგენტინასთან ერთად, იქნება G20-ის გამონაკლისი წევრი, სადაც რეცესია დაფიქსირდება. 

OECD მოუწოდებს მთავრობებს, არ გაზარდონ ხარჯები და ამის საპირისპიროდ, მოიზიდონ ინვესტიციები.