LIVE

Alibaba თურქეთში $2-მილიარდიან ინვესტიციას და Trendyol-ის გაფართოებას გეგმავს

18 სექ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
Alibaba თურქეთში $2-მილიარდიან ინვესტიციას და Trendyol-ის გაფართოებას გეგმავს

Alibaba Group Holding-მა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთში $2 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.

ჩინურ გიგანტს ქვეყანაში, Trendyol-ის მეშვეობით, $1.4 მილიარდის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს. Alibaba Trendyol-ის 76.1%-იან წილს ფლობს.  

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Alibaba-ს პრეზიდენტმა, მაიკლ ევანსმა მხარი დაუჭირა Trendyol-ის საერთაშორისო გაფართოებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს აქვს პოტენციალი, გახდეს ელექტრონული ექსპორტის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.

განცხადებაში საინვესტიციო ვადები დაზუსტებული არ არის. 

ევანმა ასევე ისაუბრა თურქეთში დაგეგმილ სხვა პროექტებზე - ანკარაში მსოფლიო დონის მონაცემთა ცენტრის და სტამბოლის აეროპორტში ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე. 

2021 წელს Trendyol-ის კაპიტალიზაციამ $16.5 მილიარდს მიაღწია, რითაც მან მოიზიდა სახსრები ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიცაა SoftBank Group, General Atlantic, Qatar Investment Authority და აბუ-დაბის სუვერენული ფონდი ADQ. 

2021 წელსვე თურქეთმა Trendyol-ის მიმართ დაიწყო ანტიმონოპოლიური გამოძიება. მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ელექტრონული კომერციის კომპანიების შესახებ რეგულაციების გამკაცრებას, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.

მოგვიანებით, თურქეთის ანტიმონოპოლიურმა საბჭომ Trendyol-ი მოვაჭრეების მონაცემების საკუთარი საცალო ოპერაციებისთვის უსამართლო უპირატესობის მიღებაში დაადანაშაულა და 61,3 მილიონი ლირით ($2.3 მილიონი) დააჯარიმა. 

თურქეთის ელექტრონული კომერციის სექტორის მთლიანი მოცულობა გასულ წელს 109%-ით გაიზარდა და 800 მილიარდ ლირას გადააჭარბა. ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ყველა სახის ვაჭრობის თითქმის მეხუთედი ონლაინ ვაჭრობაზე მოდის.