LIVE

შეიარაღება, ომი უკრაინაში, სატელიტები - რაზე ისაუბრეს პუტინმა და კიმ ჩენ ინმა

14 სექ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
შეიარაღება, ომი უკრაინაში, სატელიტები - რაზე ისაუბრეს პუტინმა და კიმ ჩენ ინმა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხშაბათს ერთმანეთს რუსეთში შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, უკრაინაში ომი და სატელიტების პროგრამები განიხილეს.

პუტინმა კიმს რუსეთის მოწინავე კოსმოსური რაკეტების გამშვები პუნქტი - ვოსტოჩნის კოსმოდრომი - დაათვალიერებინა. რუსეთის ლიდერმა კოსმოსში ჩრდილოეთ კორეელი კოსმონავტის გაგზავნის იდეაც გააჟღერა. 

კოსმოდრომის მონახულების შემდეგ პუტინმა და კიმმა თავიანთ მინისტრებთან ერთად შეხვედრები გამართეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

ისინი ერთმანეთს საბჭოთა ფორმით მიმართავდნენ და "ამხანაგს" უწოდებდნენ. პუტინმა კიმს ისიც გაახსენა, რომ საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ კორეას ყოველთვის მხარს უჭერდა და სწორედ ის იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 75 წლის წინ ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტი აღიარა. 

სადილზე კიმმა რუსული ღვინით პუტინის ჯანმრთელობა, "დიადი რუსეთის" გამარჯვება და ჩრდილოკორეულ-რუსული მეგობრობის მომავალი ისურვა. გარდა ამისა, კიმ ჩენ ინმა მოსკოვს "წმინდა ომში" უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ გამარჯვებაც უსურვა. 

"რუსეთის არმია და ხალხი ამ წმინდა ბრძოლაში დიად გამარჯვებას მოიპოვებს და დასჯის ექსპანსიონისტური ილუზიებით მკვებავ ეშმაკს, რომელიც ჰეგემონიას იჩემებს," - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

აშშ და სამხრეთ კორეა შეშფოთებას გამოთქვამენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო შეიარაღების შესაძლო მიწოდებაზე. მოსკოვი და ფხენიანი აღნიშნულ განზრახვებს უარყოფენ. 

ვაშინგტონი ორივე ქვეყანას, ერთმანეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში, სანქციების გამკაცრების შესახებ აფრთხილებს. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში დიდი დანაკარგის გამო პუტინის მთავარი თხოვნა ჩრდილოეთ კორეასთან სწორედ სამხედრო შეიარაღების მიღება იყო. 

განცხადება გააკეთა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც: "ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც რაიმე ფორმით ურთიერთობა ექნება ჩრდილოეთ კორეასთან, ვალდებულია, პატივი სცეს (გაერო-ს) უშიშროების საბჭოს მიერ დაკისრებულ სანქციებს."

პუტინმა მრავალჯერ გააკეთა მინიშნება, რომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება. კრემლის თქმით, მეზობელი ქვეყნების განხილვები მათი კერძო საქმეა.

რუსულმა მედიამ პუტინს ჰკითხა, დაეხმარება თუ არა მოსკოვი ფხენიანს სატელიტების აშენებაში. აღნიშნულზე პუტინმა განაცხადა, რომ სწორედ ეს იყო მათი შეხვედრის მიზეზი. 

კრემლის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მომდევნო თვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ფხენიანში ჩავა. 

გარდა ამისა, პუტინმა მიიღო მიპატიჟება და სამომავლოდ ისიც ეწვევა ჩრდილოეთ კორეას. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია.