LIVE

ინფლაცია გაიზრდება, რუბლი გაუფასურდება - რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო

17 სექ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
ინფლაცია გაიზრდება, რუბლი გაუფასურდება - რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზით, მომდევნო ორ წელში ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო რუბლი დოლართან მიმართებით - მეტად გაუფასურდება. მიზეზი რუსეთის უკრაინასთან ომის დანახარჯებია. 

კერძოდ, რუსეთში 2023 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-დან 7.5%-მდე გაიზარდა; ხოლო 2024 წლის ინფლაციის პროგნოზმა 4%-დან 4.5%-მდე მოიმატა. აღნიშნული პროგნოზები გულისხმობს, რომ ინფლაცია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს მხოლოდ 2025 წლისთვის მიაღწევს. 

გარდა ამისა, გაუარესდა ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზი. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს 1 დოლარის ღირებულება 85 რუბლი იქნება; ძველი პროგნოზით მოსალოდნელი იყო, რომ 2023 წელს 1 დოლარი საშუალოდ 76 რუბლი ეღირებოდა. ამჟამინდელი პროგნოზით, 2024 წელს 1 დოლარის ღირებულება საშუალოდ 90.1 რუბლი იქნება, ხოლო 2026 წელს - 92.3 რუბლი. 

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს რუბლი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. აგვისტოში 1 რუბლის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ რუბლი მომავალში აღნიშნულზე უფრო მეტად დაეცემა. 

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთი ინფლაციასთან ბრძოლის კუთხით მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, ხოლო კაპიტალის გადინების შესაჩერებლად ვალუტის მიმოცვლას უფრო მეტად გააკონტროლებს. 

ფასების ზრდა კრემლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ქვეყანაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რომლის ფარგლებშიც პუტინი კვლავ გამარჯვებას აპირებს. 

ფასების ზრდისა და რუბლის გაუფასურების გაზრდილი მოლოდინების მიუხედავად, 2023-2024 წლების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის (მშპ) პროგნოზები გაზრდილია. კერძოდ, აპრილში პროგნოზი კეთდებოდა, რომ 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 1.2%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ახლა 2.8%-იან ზრდაა ნავარაუდები. რაც შეეხება 2024 წელს, მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2%-დან 2.3%-მდე გაიზარდა. 

რუსეთში ამჟამად ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის დონე, რომელიც სამომავლოდაც დაახლოებით 3.1%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ ამის მიზეზი სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტია. 

გაუარესებული ეკონომიკური პროგნოზების მიზეზი უკრაინასთან მიმდინარე ომია, რომელშიც რუსეთის სამხედრო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია.