LIVE

გაერო-ს თანახმად, გლობალურად სურსათის ფასები 2-წლიან მინიმუმზეა

10 სექ 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
გაერო-ს თანახმად, გლობალურად სურსათის ფასები 2-წლიან მინიმუმზეა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, აგვისტოში გლობალურად ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები 2-წლიან მინიმუმზე დაეცა.

FAO-ს საკვები პროდუქტების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამასთან, სურსათის ფასები 2022 წლის მარტის შემდეგ 24%-ითაა შემცირებული. იმ დროს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ფასები ყველა დროის მაქსიმუმს აღწევდა. 

FAO-ს თანახმად, "ფასები შემცირდა რძის პროდუქტებზე, მცენარეულ ზეთებზე, ხორცსა და მარცვლეულზე." ფასების კლების მთავარ მიზეზად FAO მიწოდების უზრუნველყოფას ასახელებს. 

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პროდუქტზე ფასები, პირიქით, მომატებულია; მათ შორისაა შაქარი და ბრინჯი. კერძოდ, ბრინჯის ფასები 15-წლიან მაქსიმუმზეა. ამის მთავარი მიზეზი მსოფლიოში ბრინჯის უმსხვილესი მწარმოებლის, ინდოეთის, მიერ დაწესებული ექსპორტის შეზღუდვებია. 

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაუქმების მიუხედავად, მარცვლეულის ფასებიც დაბალია. FAO-ს განმარტებით, ეს გარემოება დროებითია და მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის სეზონის პერიოდია.