LIVE

თურქეთსა და საბერძნეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

08 სექ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
თურქეთსა და საბერძნეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

მთელი ზაფხულის განმავლობაში მასშტაბურ ხანძრებთან ბრძოლის შემდეგ, ამ კვირაში საბერძნეთს შტორმი დაატყდა თავს. ქარიშხალმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სტიქიის შედეგად შეფერხდა მოძრაობა ათენსა და სიდიდით მეორე ქალაქს, სალონიკს შორის. შეფერხება იყო აეროპორტებშიც.

რაც შეეხება თურქეთს, სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ქალაქ ქირქლარელთან ახლოს, სადაც სტიქიამ სახლები წაიღო. ორი ადამიანის დაიღუპა სტამბოლში, სადაც კოკისპირული წვიმის შედეგად მეტროსადგურები დაიტბორა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

ამის პარალელურად, ჩრდილოეთ ევროპა ისევ ძლიერ სიცხეს უმკლავდება. მაღალი ტემპერატურა გერმანიასა და საფრანგეთის ნაწილებში მომდევნო კვირასაც შენარჩუნდება. პარიზში ჰაერის ტემპერატურა 30°C-ს ასცდება, ლონდონშიც ტემპერატურის ასეთივე მაჩვენებელს ელიან, რაც ქვეყანაში ამ სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდია.

წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად გამოიყოფა აირები, რომლებიც დედამიწას ათბობს. სწორედ ამის შედეგია ექსტრემალური ამინდები თბური ტალღებისა და ქარიშხლის სახით, რაც ერთი მხრივ მასშტაბურ ტყის ხანძრებს, მეორე მხრივ კი დამანგრეველ წყალდიდობებს იწვევს.

„ჩვენ უფრო და უფრო მეტი ასეთი ინტენსიური და ექსტრემალური მოვლენის მომსწრე გავხდებით. შედეგები კი საზოგადოებასა და ეკოსისტემებზე აისახება მანამ, სანამ სათბური აირების გამოყოფას არ შევწყვეტთ“, - ამბობს სამანტა ბურგესი, ევროპის დედამიწის სადამკვირვებლო სააგენტო Copernicus-ის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორის მოადგილე.

Copernicus-ის თანახმად, ეს ზაფხული დიდი სხვაობით ყველაზე ცხელი იყო დედამიწაზე. ძლიერმა სიცხემ ჩინეთიდან კალიფორნიამდე, მთელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე იქონია გავლენა. განსაკუთრებულად ცხელი იყო აგვისტო, როდესაც ზღვის ზედაპირის გლობალური საშუალო თვიური ტემპერატურა ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე იყო.