ჩრდილოეთ ევროპაში კვლავ მაღალი ტემპერატურაა. დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნორვეგიაში ამ კვირის განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურა სეზონურ ნორმას ბევრად აღემატება.
საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა 40°C-ს მიაღწევს, დედაქალაქ პარიზში კი, 30°C-ის ფარგლებში იქნება. სამხრეთის ზოგიერთ რაიონში ცხელ ამინდთან ერთად, ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრის რისკებს ზრდის.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო, ჩინეთიდან კალიფორნიამდე თბური ტალღების გადაადგილების გამო. ექსტრემალურმა ამინდმა ელექტროენერგიის ქსელები გადატვირთა, რაც გაგრილებაზე მზარდმა მოთხოვნამ გამოიწვია. საფრანგეთში ამ კვირაში პიკურ მოხმარებას, 53 გიგავატს ელიან, რაც ყველაზე ცხელ თვეში მოხმარებული ენერგიის მაჩვენებელს უტოლდება.
ლონდონში სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში ტემპერატურის 30°C-მდე ზრდას ელიან, რაც ასევე უჩვეულოა ამ დროისთვის.
რაც შეეხება ევროპის სამხრეთ ნაწილს, ესპანეთში ცხელი ზაფხულის მშრალი დღეები, რეკორდულად უხვმა ნალექმა ჩაანაცვლა. შედეგად, კასტილა-ლა მანჩასა და მადრიდის რეგიონებში წყალდიდობაა. ამინდის სამსახურის Aemet-ის ცნობით, კვირას ესპანეთის რამდენიმე ქალაქში რეკორდულად უხვი ნალექი მოვიდა.
მადრიდში მოსული ნალექი, ადგილობრივი მეტეოროლოგების შეფასებით, ყველაზე უხვი იყო ბოლო 40 წლის განმავლობაში. შედეგად, დედაქალაქში ამ დროისთვის საგზაო და სარკინიგზო გადაზიდვა შეფერხებულია.