ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სექტემბრის "თვის მიმოხილვაშია" აღნიშნული.
2023 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.7%-ით მოიმატა.
ეროვნული ბანკის თანახმად, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 5.8%-ით შემცირდა. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ კი, გასულ თვესთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით დაიკლო, თუმცა ჯერ ისევ მაღალია და 6.1%-ს შეადგენს.
"საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებული სურსათის ფასები და გაიაფებული საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება საქართველოს ბაზარს გადმოეცა და ინფლაცია შეამცირა. ბოლოდროინდელი ნავთობის ფასის ზრდამ წინა თვესთან შედარებით ბენზინის ფასი გააძვირა, თუმცა წლიურად კვლავ შემცირებულია. ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ასევე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს",- აღნიშნულია ანგარიშში.
ეროვნული ბანკი, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში ფასების დონის სტაბილურობის მიღწევაა აღნიშნავს, რომ დაბალ ინფლაციას დიდწილად ეგზოგენური, ანუ გარე შოკების ეტაპობრივი ამოწურვა განაპირობებს.
ამის საპირისპიროდ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფასების დონის კლებას "დიდ მიღწევას" უწოდებს და საკუთარ პოლიტიკას უკავშირებს.
"ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით",- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.