
ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, 60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის თანახმად, რთვლის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარები ხშირად არიან ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები ან სხვა გზით დაკავშირებული პირები და კომპანიები, რომლებიც ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის ნაცვლად, ღვინის ექსპორტს ისევ რუსეთში ეწევიან.
"ხშირ შემთხვევაში პროგრამის ბენეფიციარები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები და შემომწირველები არიან. ფლანგვის დეტექტორი გასულ წლებშიც წერდა აღნიშნულ თემაზე. მაგალითად, მოსავლის მართვის კომპანიამ 2022-2023 წლებში - 4,496,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან და 615,900 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან სწორედ გამარტივებული შესყიდვის წესით გააფორმა.
შპს უნივერსალ სპირიტის 100%-ის მესაკუთრე შპს საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებაა, ხოლო ამ უკანასკნელის მესაკუთრეები ვახტანგ კარიჭაშვილი და გიორგი ღამბაშიძე არიან - რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები. რაც შეეხება შპს გრუზვინპრომს, მისი 100% წილის მეპატრონე არის შპს Bolero & Company, რომლის 100% წილის მეპატრონე ვახტანგ კაჭირაშვილია. საბოლოო ჯამში ორივე კომპანია დაკავშირებულია ერთ პირთან - ვახტანგ კაჭირაშვილთან.
საინტერესოა ამ კომპანიების კავშირი ქართულ ოცნებასთან. პარტიული შემოწირულობების რეესტრის თანახმად, შპს Bolero & Company-ის 2020 წელს მმართველი პარტიისთვის 120,000 ლარი აქვს შეწირული; შპს გრუზვინპრომის დირექტორმა, მამუკა ფოთოლაშვილმა 2017 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შესწირა; ხოლო შპს Bolero & Company-ისა და შპს უნივერსალ სპირიტის დირექტორს ირაკლი ბექაურს 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში ქართული ოცნებისთვის ჯამში 150,000 ლარი აქვს შეწირული.
საერთო ჯამში შპს უნივერსალ სპირიტ-თან და შპს გრუზვინპრომ-თან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ქართულ ოცნებას 320,000 ლარი შესწირეს.
გარდა პარტიული შემოწირულობებისა, ვახტანგ კარიჭაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, კერძოდ 2021 წელს დაარსებული შპს მელიქიშვილი ინნ-ის 50-50%-ს ფლობენ უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კაჭირაშვილი, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამიდან სარგებელს ყოველწლიურად მმართველ პარტიასთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ, აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებს ასევე აქტიურად გააქვთ ღვინო ექსპორტზე რუსეთში. მაგალითად, შპს Bolero & Company-ის ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებულია, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზაციით გენერირდება. შპს Bolero & Company რუსეთში 2022 წლის ღვინის ექსპორტიორი 10 უმსხვილესი კომპანიიდან ერთ-ერთია", - ნათქვამია განცხადებაში.
რთვლის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 15 წელია მიმდინარეობს, 2008 წელს რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილების მიზნით ამოქმედდა.
რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება, რაც 1 კგ-ზე 20 თეთრს შეადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია სეტყვით დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0,90 ლარს გადაიხდის.