
რუსეთის კულტურის სამინისტრომ უარი თქვა რუსულ კინოთეატრებში "ბარბისა" და "ოპენჰაიმერის" ჩვენებაზე. მინისტრის მოადგილის, ანდრეი მალიშევის განცხადებით, აღნიშნული ფილმები რუსეთის "ტრადიციულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებთან" წინააღმდეგობაში მოდის.
რამდენიმე ხნით ადრე სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილემ, ვლადისლავ დავანკოვმა, პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინს "ბარბისა" და "ოპენჰაიმერის" საავტორო უფლების მფლობელთა ნებართვის გარეშე რუსეთში ჩვენება შესთავაზა. მიუხედავად ამისა, კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ ფილმები, რომელთა ჩვენი მოქალაქეებისათვის ჩვენებასაც გვთავაზობთ - "ბარბი" და "ოპენჰაიმერი" - არ შეესაბამება სახელმწიფოს მეთაურის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებს რუსული, ტრადიციული, სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის," - ნათქვამია მალიშევის წერილში.
ამასთან, რუსულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის კინოთეატრმა "რადუგამ" "ბარბისა" და "ოპენჰაიმერის" აფიშები შეცვლილი სახელებით გამოუშვა. მათ, შესაბამისად, "სწრაფი პაემნები" და "დუბაკი" უწოდა.
მალიშევისვე თქმით, რუსული კინოთეატრები "სავსეა მაღალი ხარისხის ადგილობრივი პრემიერებით." მათ შორისაა "ჩებურაშკას" ახალი ფილმი; ასევე ფილმი "მოწმე," რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის პროპაგანდისტულ სიუჟეტს აჩვენებს.