
5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ 1 050 ტონა დაზიანებული ყურძენი აქვს გადამუშავებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი.
„კახეთის რეგიონში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3 500 ჰექტარზე მეტი ფართობი.
დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, რთველი 2023-ის ფარგლებში, ჯამში 16 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 8 000 ტონამდე რქაწითელია, 5 000 ტონამდე კი საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს კერძო სექტორი ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნით გამოირჩევა. რთველის საკოორდინაციო შტაბში 220 ღვინის საწარმოა დარეგისტრირებული.