
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამ კვირაში დაგეგმილ G20-ის სამიტს გამოტევებს, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „იმედგაცრუებულია“. ძინპინის ნაცვლად, ინდოეთში გამართულ სამიტს ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი დაესწრება.
ჩინეთის პრეზიდენტი თავის წინა განცხადებებში ადასტურებდა ინდოეთში გამგზავრებას, თუმცა გასულ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი დასწრება ვერ დაადასტურა. ამის შესახებ საუბრობს ადგილობრივი მედიაც, რომელიც საკითხთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ სი ძინპინი სამიტს არ დაესწრება.
ჯო ბაიდენმა ამ ფაქტის შესახებ უკმაყოფილება ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ჩინელი კოლეგის ნახვას მაინც შეძლებს. მართალია, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია შეხვედრის ადგილი ან სავარაუდო თარიღი, თუმცა ორი ქვეყნის პრეზიდენტს საუბრის შესაძლებლობა ნოემბერში, სან ფრანცისკოში დაგეგმილ აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერების შეხვედრაზე ექნებათ.
აშშ-ს და ჩინეთის ლიდერებს სასაუბრო ბევრი აქვთ, რამდენადაც დიდია იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებზეც ორი ქვეყანა ვერ თანხმდება. ასეთია, მაგალითად, სინძიანსა და ჰონგ-კონგში ადამიანთა უფლებების დაცვა, ტერიტორიული უთანხმოება ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, პეკინის მზარდი დომინირება მთელ რიგ ინდუსტრიებზე.
კომუნიკაციის გაუმჯობესების მცდელობით, ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთში აშშ-ს რამდენიმე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში, ჯონ კერი.
ამის პარალელურად, ჩინეთის პრეზიდენტი აგრძელებს მცდელობას, პეკინი წარმოაჩინოს განვითარებადი სამყაროს ლიდერად და მხარს უჭერს ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მსოფლიო წესრიგის დამყარების ალტერნატიულ გზებს.
გასულ თვეში სამხრეთ აფრიკაში გამართულ BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ლიდერთა შეხვედრაზე, მან გააკრიტიკა დასავლეთის „ჰეგემონია“ და მოუწოდა განვითარებად ქვეყნებს "მოეშორებინათ კოლონიალიზმის უღელი". BRICS-ის გაერთიანებას იანვარში ექვსი ახალი ქვეყანა - არგენტინა, ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები - შეუერთდება, რაც პეკინის დიპლომატიურ გამარჯვებად განიხილება.