LIVE

UBS-მა რეკორდული კვარტალური მოგება მიიღო

02 სექ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 498
UBS-მა რეკორდული კვარტალური მოგება მიიღო

UBS-მა, შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, მეორე კვარტალში $28,88 მილიარდის მოგება მიიღო. ეს ბანკის პირველი კვარტალური მოგების მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც მან კონკურენტი Credit Suisse შეიძინა. 

ეს მონაცემი მოულოდნელი აღმოჩნდა ანალიტიკოსებისთვისაც. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ბანკი, 3 თვის განმავლობაში, $12,8-მილიარდიან მოგებას ნახავდა. 

სიახლის გამოცხადების შემდეგ, UBS-ის აქციების ფასი 7.2%-ით გაიზარდა და 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, უმაღლეს დონეს მიაღწია.

თითქმის $29-მილიარდიანი კვარტალური მოგება ამერიკული და ევროპული საბანკო სექტორისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამ დრომდე უდიდეს მოგებად მიიჩნეოდა $14.3 მილიარდი, რომელიც JPMorgan Chase & Co-მ 2021 წლის პირველ კვარტალში მიიღო. 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბანკი ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ადგილების დამატებით 3000-ით შემცირებას გეგმავს. ეს პროცესი 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში დაიწყება და რამდენიმე წელი გაგრძელდება. შედეგად, ბანკი $6 მილიარდს დაზოგავს. საერთო ჯამში, ბანკს სურს, რომ 2026 წლისთვის დანახარჯები $10 მილიარდით შეამციროს.

Credit Suisse-ის შეძენის შედეგად, UBS-ის თანამშრომლების რიცხვი 45 000-ით გაიზარდა და ამჟამად 120 000-ს უახლოვდება.

მიმდინარე წლის მარტში UBS კონკურენტი Credit Suisse-ის $3.25 მილიარდად შეძენას დათანხმდა. შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა მაშინ განაცხადა, რომ ეს გარიგება ფინანსური ბაზრების ნდობის აღსადგენად და რისკების სამართავად საუკეთესო საშუალება იყო.